თბილისის პოლიციამ კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარ „სახელოსნოს“ ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერა. შსს-ს განცხადებით, დაჯარიმების მიუხედავად, აღნიშნული კომპანია კანონდარღვევით განაგრძობდა საქმიანობას.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა “სახელოსნო” იზოლაციისა და კარანტინის წესების შეუსრულებლობის ბრალდებით ნოემბერში 10 000 ლარით დააჯარიმა. თუმცა, შსს-ს ცნობით, ბარი კვლავ განაგრძობდა “საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას და მოქალაქეები აღნიშნულ ობიექტზე 21:00 საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ”.
“სახელოსნოს” წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა სსკ-ის 248-ე პრიმა მუხლით, რაც იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევას გულისხმობს.
“მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2021 წლის 7 იანვარს, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბარში ჩხრეკა ჩაატარეს და ობიექტი დალუქეს – „სახელოსნოს“ ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა”, – ამბობს უწყება.
შსს-ს განცხადებით, “საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები”.