ახალი ამბები

“ევროპელ სოციალისტებში” გაწევრიანდება “პატრიოტების” სიის ოთხივე დეპუტატი

6 იანვარი, 2021 • 1577
“ევროპელ სოციალისტებში” გაწევრიანდება “პატრიოტების” სიის ოთხივე დეპუტატი

დეპუტატი ფრიდონ ინჯია, რომელიც პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის” სიით შევიდა და ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა დააანონსა, აცხადებს, რომ “ევროპელ სოციალისტებში” ასევე გაწევრიანდებიან დეპუტატები: გელა მიქაძე, დავით ზილფიმიანი და ავთანდილ ენუქიძე. 

ამის შესახებ ინჯიამ 6 იანვარს განუცხადა “ნეტგაზეთს”. 

ზემოთ ნახსენები სამი დეპუტატი პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიით მას შემდეგ მოხვდნენ, რაც პარტიის ლიდერებმა მანდატებზე უარი თქვეს და პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა. 

პოლიტიკური პარტია “ევროპელი სოციალისტების” შექმნა ინჯიამ გუშინ, 5 იანვარს, დააანონსა.

ახალი პარტიის შესახებ უფრო მეტი დეტალის გასაგებად “ნეტგაზეთი” ფრიდონ ინჯიას დაუკავშირდა. ინჯიას პარტიის სხვა  წევრებზე, სახელწოდებასა და იდეოლოგიაზე ვკითხეთ.  ის  ამბობს, რომ ამის შესახებ დეტალურად პარტიის დამაარსებელ ყრილობაზე ისაუბრებენ.

“იქნება პოლიტსაბჭო, რა თქმა უნდა, არის მონახაზი და საკმაოდ სერიოზული, სხვათა შორის, ახალგაზრდებიც. შაბათს ან კვირას იქნება ყრილობა. ორგანიზაციულად ყველაფერს უნდა დალაგება, ყველაფერი თავის დონეზე უნდა იყოს, თორემ არის ერთკაციანი პარტიები, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრეტენზიაც, რომ ეს იყოს პარტია, რომელიც საყურადღებო და საინტერესო იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის”. 

გუშინ, 5 იანვარს, “პატრიოტთა ალიანსის” სიით პარლამენტში 4 დეპუტატი შევიდა. პარტიული სიის პირველმა სამმა წევრმა და ლიდერმა – ირმა ინაშვილმა, გოჩა თევდორაძემ და გიორგი ლომიამ, საპარლამენტო მანდატზე უარი განაცხადა, სიის მეოთხე ნომერს ავთანდილ ენუქიძეს კი მანდატზე უარი არ უთქვამს. „პატრიოტთა ალიანსის“ პირველი სამი წევრი კი გელა მიქაძემ, დავით ზილფიმიანმა და ფრიდონ ინჯიამ ჩაანაცვლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი