ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსის” სიის ოთხი წევრი პარლამენტში შედის

4 იანვარი, 2021 • 1496
“პატრიოტთა ალიანსის” სიის ოთხი წევრი პარლამენტში შედის

“პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის კიდევ სამი წევრი პარლამენტში შედის –  დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ უკვე მიმართეს ცესკოს.

როგორც “ნეტგაზეთს” საარჩეევნო ადმინისტრაციაში დაუდასტურეს, მათ უკვე დაწერეს განაცხადი ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი სადეპუტატო მანდატს “პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის იმ წევრების ნაცვლად მიიღებენ, რომლებმაც დეპუტატის უფლებამოსილებაზე უარი განაცხადეს და პარლამენტმა მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ცესკოს მონაცემებით,  “პატრიოტთა ალიანსმა” 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებზე 3.14% მიიღო და 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა. თუმცა, სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, “პატრიოტთა ალიანსის” სიის პირველმა სამმა წევრმა: ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს. მათ პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება დღეს, 4 იანვარს, შეუწყვიტა. სიის მე-4 ნომერ ავთანდილ ენუქიძეს კი სადეპუტატო მანდატზე უარი არ უთქვამს.

ამასთან, “პატრიოტთა ალიანსმა” ცესკოს პარტიულ სიის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ სიაში არ შედიან დავით ზილფიმიანი, სიის მე-4 ნომერი ავთანდილ ენუქიძე, სიის მე-5 ნომერი გელა მიქაძე და მე-7 ნომერი ფრიდონ ინჯია.

ზილფიმიანი, ინჯია და მიქაძე პარლამენტში სწორედ ინაშვილის, ლომიასა და თევდორაძის ადგილმონაცვლეები არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი