ახალი ამბები

მოძალადის წინააღმდეგ ორდერის გამოწერაზე ქალს უარს ეუბნებოდნენ – საფარი

6 იანვარი, 2021 • 1052
მოძალადის წინააღმდეგ ორდერის გამოწერაზე ქალს უარს ეუბნებოდნენ – საფარი

ორგანიზაცია „საფარი“, რომელიც ქალთა უფლებებს იცავს, ამბობს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფ ქალს პოლიცია მოძალადის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერის გამოწერაზე უარს ეუბნებოდა.

„საფარი“ ამბობს, რომ ყოფილმა ქმარმა, რომელიც სასჯელს უმძიმესი ფსიქოლოგიური ძალადობისთვის იხდიდა, სასჯელაღსრულების დაწესებულება პირობითი მსჯავრის საფუძველზე დატოვა.

ამის შემდეგაც კი განაგრძობდა ყოფილ მეუღლეზე ძალადობას.

საფარის ცნობით, ეს გამოიხატებოდა “მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებაში, თვალთვალსა და ადევნებაში”, რის გამოც ქალმა პოლიციას მიმართა და შემაკავებელი ორდერის გამოცემა ითხოვა.

ორგანიზაცია ამბობს, რომ სწორედ აქედან დაიწყო მთელი რიგი პრობლემები სამართადამცავი ორგანოების მხრიდან: მათ არ სურდათ შემაკავებელი ორდერის გამოცემა მოძალადისაგან მომდინარე ძალადობრივი ქმედებების აღსაკვეთად და აცხადებდნენ, რომ მხოლოდ გაფრთხილებას მისცემდნენ მოძალადე პირს.

„ეს არის პოლიციის მხრიდან უმოქმედობის, უუნარობის ნათელი მაგალითი – კანონი არ ითვალისწინებს მოძალადის „გაფრთხილებას“, კანონი იმპერატიულად ადგენს ძალადობრივი ფაქტების აღსაკვეთად დაუყოვნებლივ შემაკავებელი ორდერის გამოცემას მოძალადის მიმართ“, – განმარტავს საფარის იურისტი ელისო რუხაძე.

პოლიციის უმოქმედობის გამო, საფარის დახმარებით, ქალმა მიმართა ზემდგომ ორგანოებს.

ამის შემდგომ ქალის დასააცავად  გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რომელიც მოძალადემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. პირველმა ინსტანციამ შემაკავებელი ორდერი გააუქმა, რასაც „საფარი“ უსაფუძვლო და უკანონო გადაწყვეტილებას უწოდებს.

„გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით და ქუთაისის სააპელაციო სასამრთლომ სრულად დააკმაყოფილა ქალის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა პირველი ინსტანციის ყოვლად დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება და ძალაში დარჩა შემაკავებელი ორდერი“, – ამბობს საფარი.

ნეტგაზეთი ამ თემაზე გირჩევთ:

როცა პოლიცია ოჯახში ძალადობის ზარზე სათანადოდ არ რეაგირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი