ახალი ამბები

ხანძრები ტყეებსა და მინდვრებში: “დარჩენილია 11 კერა”

6 იანვარი, 2021 •
ხანძრები ტყეებსა და მინდვრებში: “დარჩენილია 11 კერა”

საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს 11 ლოკაციის შესახებ, სადაც ტყისა და მინდვრის ხანძრებს ამ დრომდე ებრძვიან. უწყების თანახმად, ბოლო 48 საათში ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 243 ხანძრის კერა, რომელთაგან 232 უკვე ლიკვიდირებულია.

უწყების პრესსამსახურის მიხედვით, რეგიონებში ვითარება ასეთია:

სამეგრელო

წალენჯიხა, სოფელი ჯაღირა – იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლოკალიზებულია. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია 3 სახანძო- სამაშველო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა.

ჯვარი, სოფელი მუჟავა – იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. რთული რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობით მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.

წალენჯიხა, სოფელი სქური – იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. რთული რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობით მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.

მარტვილი, სოფელი ბალდა – იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. რთული რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობით მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.

იმერეთი

წყალტუბო, სოფელი ზარათი – იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე- მაშველთა პირადი შემადგენლობა და 9 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ხონი, სოფელი ძეძილეთი – იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი და ბუჩქები. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ხანძარი ლოკალიზებულია. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა და მეხანძრე-მაშველითა პირადი შემადგენლობა.

აჭარა

ქედა, სოფელი ბზუბზუ – იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლოკალიზებულია, ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე შეინიშნება ცალკეული მხრჩოლავი კერები. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე მობილიზებულია 2 სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა და მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა.

რაჭა-ლეჩხუმი

ონი, სოფელი ონჭევის და სოფელი წოლას მიმდებარედ – იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. ამ დროისათვის ადგილზეა მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა შესაბამისი ინდივიდუალური სახანძრო სპეცაღჭურვილობით.

ცაგერი, სოფელი ჩქუმი – იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. რთული რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობით მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.

ცაგერი, სოფელი ლაილაში – კლდოვან და ქვა-ღორღიან მთაზე იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ამ დროისთვის ხანძარის ადგილზეა მეხანძრე-მაშველთა ქვეითი ჯგუფები და 1 სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

შიდა ქართლი

კასპი, რკონის ხეობაში იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. მიუხედავად მოყინული და დაზიანებული გზის საფარისა, მობილიზებულია შესაბამისი ავტოტექნიკა. ამ დროისთვის მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა ქვეითი ჯგუფები და 3 სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ ამ დროისთვის “ყველა კერაზე ხანძარი კონტროლს ექვემდებარება”:

“მზადყოფნაშია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ქრობის სამუშაოებში, თუმცა ამ დროისთვის არცერთ კერაზე საჭიროება არ არის”.

უწყება კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან:

“დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი