ახალი ამბები

კობახიძე ბედნიერია, რომ არ ვარ პარლამენტში, ძალიან ხანმოკლეა მისი ბედნიერება — ინაშვილი

5 იანვარი, 2021 • 1878
კობახიძე ბედნიერია, რომ არ ვარ პარლამენტში, ძალიან ხანმოკლეა მისი ბედნიერება — ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. ირაკლი კობახიძის თქმით, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის მიერ სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმით “პატრიოტთა ალიანსის” “რუსული შემადგენელი” პარლამენტში წარმოდგენილი არაა.

ინაშვილის თქმით, კობახიძის “ბედნიერება დროებითია” და ის, რასაც “რუსულ შემადგენელს” უწოდებს, სინამდვილეში საქართველოს ინტერესების დაცვაა.

“მინდა ვუპასუხო ამ იარლიყების მიკერების თემას, რაც მანკიერებაა ქართულ პოლიტიკაში და ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, უნდა დავამთავროთ პოლიტიკური იარლიყების მიკერების ასეთი უზნეო პრაქტიკა, რასაც ადგილი აქვს საქართველოში. მესმის, რომ კობახიძე/ძერჟინსკი ბედნიერია, რომ არ ვარ პარლამენტში. მინდა ვუთხრა, რომ ის დროებითაა ბედნიერი, ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდება მისი ეს ბედნიერება.

რუსული შემადგენელი, რაზეც ის საუბრობს, მე პარლამენტში ვლაპარაკობდი საქართველოს ინტერესების დაცვაზე, ესაა რუსული შემადგენელი? მე ვლაპარაკობდი მშვიდობაზე, შერიგებაზე აფხაზებთან და ოსებთან, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, ეს არის რუსული შემადგენელი?[…] მე ვლაპარაკობდი საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების დაცვაზე”, — განაცხადა ინაშილმა.

ინაშვილის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” თავის მმართველობის წლებში “კომუნისტური საქართველო” შექმნა. როგორც ინაშვილი ამბობს, “ქართულ ოცნებას” არცერთი დასავლური ნაბიჯი არ გადაუდგამს.

ახლა მე მინდა გითხრათ, რომ ვითომ დასავლური „ქართული ოცნება“ მთელი ამ წლების მანძილზე კომუნისტურ საქართველოს აგებდა და ბოლოს მიაღწია, რომ კომუნისტური პარტიის რეჟიმში მოქმედებს ახლა. ვითომ დასავლურმა „ქართულმა ოცნებამ“ მოსპო პარლამენტში პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური პროცესი[…] ერთ პარტიაზე მოირგეს რეგლამენტი, რომ 4 დეპუტატი ფრაქციას ვერ ქმნის და არავითარი ბერკეტი არ აქვს, რომ პარლამენტში პოლიტიკური დებატი გაუწიოს “კომუნისტურ ოცნებას”, — განაცხადა ინაშვილმა.

პატრიოტთა ალიანსის“ სამმა წევრმა და ლიდერმა – ირმა ინაშვილმა, გოჩა თევდორაძემ და გიორგი ლომიამ- საპარლამენტო მანდატზე უარი განაცხადა. თუმცა ამ მანდატს დათანხმდა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი სხვა წევრი – გელა მიქაძე, დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რომ “პატრიოტთა ალიანსის” “რუსული შემადგენელი” პარლამენტში წარმოდგენილი არაა.

მნიშვნელოვანია, რომ “პატრიოტთა ალიანსის” რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში-კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი