ახალი ამბები

მნიშვნელოვანია, რომ “პატრიოტთა ალიანსის” რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში-კობახიძე

5 იანვარი, 2021 • 1243
მნიშვნელოვანია, რომ “პატრიოტთა ალიანსის” რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში-კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მხოლოდ  “პატრიოტთა ალიანსის” სიით შესული დეპუტატების პარლამენტში ყოფნა საკმარისი არაა და  პარლამენტი მრავალპარტიული აუცილებლად გახდება.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რომ “პატრიოტთა ალიანსის” “რუსული შემადგენელი” პარლამენტში წარმოდგენილი არაა.

“ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ოპოზიციური პარტია შემოვიდა პარლამენტში. მნიშვნელოვანია, რომ “პატრიოტთა ალიანსის” რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში და მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება ისეთი პარლამენტი, სადაც არცერთი ღიად პრორუსული პარტია არ იქნება წარმოდგენილი.  ვგულისხმობ “ნაციონალურ მოძრაობას” და მის შესაბამის ფრთას.

მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. შეგიძლიათ, მსხვილი ბიზნესმენები იხილოთ „ნაცმოძრაობის“ სიაშიც. მსხვილი ბიზნესმენები არიან სხვა პარტიებშიც, თუმცა პარლამენტში არ შემოდიან. ყველამ კარგად იცის, რომ ბიზნესის რეკეტი, უბედურება და შანტაჟი იყო 2012 წლამდე ყოველდღიური პრაქტიკა და წარსულს ჩაბარდა. არცერთი პრეცედენტი აღარ არის. დანარჩენი არის სპეკულაციები”, — განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებისგან მოწოდებები კიდებ უფრო გაძლიერდება.

“ეს პროცესი დაიწყო და გაგრძელდება. პარლამენტი აუცილებლად იქნება მრავალპარტიული. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები აქამდეც ისმოდა, თუმცა კიდევ უფრო გამძაფრდება რაც უფრო მეტი დრო გავა და, საბოლოო ჯამში, ვიხილავთ მრავალპარტიული პარლამენტს. ორპარტიული კარგია, თუმცა ეს არ არის საკმარისი, პარლამენტი გახდება აუცილებლად მრავალპარტიული”, — განაცხადა კობახიძემ.

„პატრიოტთა ალიანსის“ სამმა წევრმა და ლიდერმა – ირმა ინაშვილმა, გოჩა თევდორაძემ და გიორგი ლომიამ- საპარლამენტო მანდატზე უარი განაცხადა. თუმცა ამ მანდატს დათანხმდა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი სხვა წევრი – გელა მიქაძე, დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია.

ფრიდონ ინჯია, რომელიც პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიით შევიდა, სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსს” ტოვებს და ახალი პარტიის შექმნას აანონსებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი