ახალი ამბები

მძიმე დანაშულებზე მსჯავრდებულ სტუდენტებს ამნისტია არ შეეხებათ — სარჯველაძე

5 იანვარი, 2021 • 795
მძიმე დანაშულებზე მსჯავრდებულ სტუდენტებს ამნისტია არ შეეხებათ — სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ დაანონსებული ამნისტია სტუდენტების კუთხით გაფართოვდება. თუმცა განმარტა, რომ ამნისტია იმ სტუდენტებს არ შეეხებათ, რომლებიც მძიმე კატეგორიის დანაშულებზე არიან მსჯავრდებულები.

მისივე თქმით, შესაძლოა, ამნისტია იმ პატიმრებზეც გავრცელდეს, რომლებმაც პატიმრობის პერიოდში სტუდენტის სტატუსი მოიპოვეს.

“რაც შეეხება სტუდენტების თემას, ჩვენ გვაქვს განსაზღვრული კონკრეტული დანაშაულები. ვისაც ამნისტიის პროექტით თავისუფლების აღკვეთა შინაპატიმრობით ეცვლება. მათთვის განსაზღვრულია დანაშაულის კონკრეტული კატეგორიები, რომლისთვისაც მსჯავრდების შემთხვევაში ეს იქნას დაშვებული. რა თქმა უნდა, აქ გათვალისწინებული არ არის იგივე მკვლელობა და რთული კატეგორიის დანაშულები, ისეთი, რომლისთვისაც შეიძლება, გაუმართლებელი ყოფილიყო ავტომატურად შინაპატიმრობით აღკვეთის შეცვლა.

აქ ასევე გასათვალისწინებელია, რომ ეს მომავალში ვერ შეეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც სტუდენტი გახდება. ეს არის მხოლოდ, კანონის მიღების მომენტისთვის ვისაც აქვს ასეთი სტატუსი მოპოვებული”, — განაცხადა სარჯველაძემ.

“ქართულმა ოცნებამ” საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა. კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები.

კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიით, ამნისტია  44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს  უნდა შეხებოდა და ციხე 800-მდე პატიმარს უნდა დაეტოვებინა. თუმცა ამნისტირებული მუხლების ჩამონათვალი ფართოვდება. მიხეილ სარჯველაძეს არ დაუკონკრეტებია, საბოლოო ვერსიით , ამნისტია რამდენ ადამიანს შეეხება, თუმცა უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამნისტირებული მუხლების ჩამონათვალის გაფართოების შემდეგ 1000-მდე ადამიანს შეეხება.

“ქართული ოცნება” ამნისტიას აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი