ახალი ამბები

ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 100 კერა ჩავაქრეთ, ხუთზე ვმუშაობთ – საგანგებო

5 იანვარი, 2021 • 717
ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 100 კერა ჩავაქრეთ, ხუთზე ვმუშაობთ – საგანგებო

ბოლო 24 საათში მეხანძრე-მაშველებმა საქართველოს ტყეებსა და მინდვრებში ხანძრის 105 კერიდან 100 უკვე ჩააქრეს, 5 კერაზე კი სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს: ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების თანახმად, სამუშაოებში 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველიდა და 50-ზე მეტი ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკაა ჩართული. ამ მონაცემებით, ცალკეულ რეგიონებში ვითარება ასეთია:

  • სამეგრელოში  77 კერიდან 74 ლიკვიდირებულია, სამზე მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.
  • რაჭაში – ორი კერიდან ერთი ლიკვიდირებულია, ერთზე მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.
  • აჭარაში – ერთ კერაზე მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.
  • იმერეთში – 18 კერიდან ყველა ლიკვიდირებულია.
  • გურიაში – 7 კერიდან ყველა ლიკვიდირებულია.

“კერების უმრავლესობაზე ცეცხლი ეკიდა ეკალბარდს და მინდორს. ასევე, დაფიქსირდა ტყის ქვედა საფარის ხანძარიც. ამ დროისთვის აღნიშნული ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა.

ძლიერი ქარის გამო რამდენიმე ლოკაციაზე იყო საფრთხე, მინდვრიდან ხანძარი საცხოვრებელ სახლს ან ტყის მასივს გადასდებოდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საფრთხის თავიდან არიდება შეძლეს”, – ამბობს საგანგებოს პრესსამსახური.

უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან:

“დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი