ახალი ამბები

დედას შევპირდი, რომ დავბრუნდებოდი. ის კოვიდის შემდეგ გარდაიცვალა|კორნელი კაკაჩიას ისტორია

5 იანვარი, 2021 • 3631
დედას შევპირდი, რომ დავბრუნდებოდი. ის კოვიდის შემდეგ გარდაიცვალა|კორნელი კაკაჩიას ისტორია

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია COVID-19-ის მძიმედ გადატანის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის. კლინიკებში თვეზე მეტი გაატარა.  საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ გაიგო, რომ  დედა 11 დღით ადრე კოვიდის შემდგომ გართულებებს ემსხვერპლა. 

“ადამიანები პანდემიის დროს”:  “ნეტგაზეთთან” პოლიტოლოგი გასული თვეების მძიმე გამოცდილების შესახებ ყვება –  საუბრობს ვირუსთან ბრძოლის დღეებზე,  ჯანდაცვის სისტემაზე რეგიონებში და დედაზე, რომელსაც დაჰპირდა, რომ დაბრუნდებოდა. 

 “ღამით შემომესმა კოვიდის ტიპური ხველა” – როცა დედა დაინფიცირდა

ყველაფერს ვიცავდი, ზედმეტადაც კი. ჰიგიენა, ხელის დაბანა, ბავშვებს ყურადღება… სამსახურში მინიმალურად დავდიოდით. ღონისძიებებისთვის ისეთ ადგილებს ვარჩევდით, რომ შორს ვყოფილიყავით თბილისიდან. ყველანაირი თეორიული საფრთხის მინიმალიზაციას ვაკეთებდი. ხელთათმანი ცალკე, პირბადე ცალკე, ნაკლები სიარული…

ბედის ირონია ის არის, რომ ვცდილობდი, დედაჩემისთვის არ მიმეტანა ვირუსი. სპეციალურად ჩავედი მაშინ ზუგდიდში. შეუძლოდ იყო ბოლოს და ასე ვაკითხავდი ხოლმე, მაგრამ იმას არ ველოდი, რომ დედისგან გადამედებოდა – ფაქტობრივად, ეზოდან არ გადიოდა დედა. საიდან უნდა მოეტანა ვირუსი, არ ვიცი. ვერაფრით ვიფიქრებდი.

ზუგდიდში რომ ჩავედი, დასაძინებლად მეორე სართულზე დავწექი. ღამით შემომესმა კოვიდის ტიპური ხველა. თავიდან ვიფიქრე, მეზობლებს აქვთ რაღაც და იქიდან არის-მეთქი. კარგად რომ დავაკვირდი, მივხვდი, რომ ხმა პირველი სართულიდან მოდიოდა.

დედაჩემი უკვე ასაკში იყო, ექიმებთან მისვლა და ასეთი რაღაცები ცოტათი უჭირდა, ამიტომ მეორე დღეს ცოტა გამიჭირდა მისი დათანხმება, რომ კოვიდ-ტესტზე წამეყვანა. ძლივს წავიყვანე. 4-5 დღე ვუვლიდი, ჩემს თავზე არც მიფიქრია.

 “ყველა მეუბნებოდა, ნაცნობი არ გყავსო?”- ბრძოლა საავადმყოფოში ადგილისთვის

ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ამ დროს შევეჩეხე ჯანდაცვის სისტემის პრობლემებს. ზოგს გაუმართლა ოჯახის ექიმში, ჩვენ – არა. ისე იყო, რომ არ რეკავდა, იქით როცა რეკავდი, არ იღებდა… ოჯახის ექიმი რას გვიშველიდა?

დედაჩემის საავადმყოფოში დაწვენის საჭიროება რომ დადგა, სასწრაფო გამოვიძახე, რომელიც მესამე დღეს მოვიდა. მოვიდა წალენჯიხიდან და თან ისე, რომ სატურაციის აპარატიც კი არ ჰქონდა! ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ყველა მეუბნებოდა, ნაცნობი არ გყავსო? თითქოს სამოქალაქო ომის შემდგომ პერიოდში დავბრუნდით.

ისე უხერხულად ვიგრძენი თავი, რომ… ნაცნობი უნდა ნახო, სად? საიდან უნდა მყოლოდა საავადმყოფოში, ექიმებში, ნაცნობი? იქამდე საერთოდ არ მქონდა ამ წრესთან შეხება. მერე, წარმოიდგინეთ, ეს ნაცნობი უნდა შეაწუხო… მაგრამ სიცოცხლის გადარჩენისთვის რომ იბრძვი, იძულებული ხარ, ეს სიამაყეც გადალახო.

ასეთი უცნაური მდგომარეობა იყო. მერე აღმოჩნდა, რომ ჩემი თანამშრომლის დას ჰყავდა ნაცნობი ზუგდიდში, იმან იმას დაურეკა, სადღაც, რაღაც…

სასწრაფო რომ მოვიდა, ვერაფერი გააკეთეს, გარდა იმისა, რომ შემოგვთავაზეს, ფოთში წავიყვანთო. მეთქი, ფოთში რა უნდა, აქ ცხოვრობს, მოხუცი ქალია… ერთადერთი ის გავიგეთ, რომ მეორე დღეს თავისუფლდებოდა რუხის კლინიკაში ადგილი. იქამდე ადგილი არ იყო ფიზიკურად არსად. ვერაფერში დაგვეხმარნენ, თუმცა ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

4-5 დღე დავხარჯეთ იმის მისაღწევად, რომ დედაჩემისთვის ადგილი გამოგვენახა. მე თვითონაც 10 ნოემბერს გავიკეთე ტესტი, იმიტომ, რომ სანამ დედაჩემი არ დავაწვინე, ვერ მოვიცალე ამისთვის. ვის არ დავურეკე, პაატა იმნაძეც კი იყო ჩართული. ის დამეხმარა ძალიან, დაურეკა ადგილობრივ ცენტრს და იმავე დღეს ამიღეს ტესტი.

“სასწრაფოში რომ დამერეკა, კიდევ 2 დღე უნდა მეცადა”

ისედაც ვიცოდი, რომ კოვიდი დამიდასტურდებოდა. დადასტურების შემდეგ  სახლში ვიყავი რამდენიმე დღე. ჩვეულებრივად, ნორმალურად დავდიოდი. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა დედაჩემი უკვე იწვა კლინიკაში, დამეწყო ტემპერატურის მატება. მანამდე, სადღაც 1 კვირა, სტაბილურად 37 მქონდა და სახლის პირობებში ვიყავი, თვითიზოლაციაში. მერე ავიდა 39.5-ზე.

ჩემმა ახლობლებმა მითხრეს, რომ ამ სიცხეზე უკვე კატე[კომპიუტერული ტომოგრაფია] უნდა გადამეღო. ამ კატეს გადაღება ზუგდიდის პირობებში ადვილი არ არის. მერე მითხრეს, რუხის საავადმყოფოში არის საშუალებაო და რახან დედაშენიც იქ არის, იქნებ მიხვიდე და იქვე გადაიღოო. თუ გართულება იქნა, იქვე დაწვებიო..

წავედი მერე ჩემი მანქანით. ვინ მოვიდოდა? სასწრაფოში რომ დამერეკა, კიდევ ორი დღე უნდა მეცადა.

“კლინიკაში კომუნიკაცია იყო აბსოლუტურად მოშლილი”

მე და დედაჩემი ერთ ოთახში ვმკურნალობდით და პირველ დღეებში ვეხმარებოდი ხოლმე. მერე, როცა ცუდად გავხდი და ჟანგბადი დამჭირდა, შევამჩნიე, რომ კომუნიკაცია იყო აბსოლუტურად მოშლილი. ექიმმა ხომ უნდა გითხრას, რა გჭირს, რა მდგომარეობაში ხარ… ეს კომუნიკაცია აბსოლუტურად მომსპარი იყო. რამდენიმე ექიმი გამოვიცვალე.

როცა სიტუაცია მძიმდება, კიდევ უფრო პანიკაში ხარ ადამიანი და ამ დროს ინფორმაცია არ გაქვს ნორმალურად, რა ხდება.

როცა მივედი, ერთ ფილტვზე მქონდა პნევმონია. რამდენიმე დღეში, როცა ფეისბუქზე პოსტი დავწერე [იქ არსებულ მდგომარეობასა და თბილისში გადაყვანის საჭიროებაზე], ხალხი შეწუხდა, მასმედია ჩაერთო… ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ “რადიო თავისუფლების” რეპორტაჟით გავიგე, პნევმონია მეორე ფილტვზეც გადასულა თურმე.

რატომ უნდა ვიგებდე ავადმყოფი ამ ყველაფერს მასმედიიდან? პირიქით, მეუბნებოდნენ, შენ არაფერი არ გჭირს, საპანიკო არაფერია, ცოტა ემოციური ხარო. ემოციური კი ვარ, მაგრამ იმდენს კი ვხვდები, რა მდგომარეობაა, როგორ მძიმდება სიტუაცია…

არ ვიცი, შეიძლება, პროფესიონალიზმის პრობლემებიც არის და ასეთ დროს არ მიდიან იმ ინსტრუქციების იქით, რომლებსაც აწვდიან. აბა, სხვანაირად როგორ შეიძლება? ავადმყოფს არ უნდა უთხრა, რა სჭირს?!

ინფრასტრუქტურულად მართლა კარგი პირობები იყო. კვებაზეც ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ ეტყობოდა, რომ იყო ჩავარდნები. მაგალითად, რომ შევედი, თეთრეული იყო, მაგრამ ამ დროს პლედი, ზეწარი, რაიმე ხომ უნდა გქონდეს, რომ დაიფარო ადამიანმა… [ეს არ დამხვედრია].

“ტყუილად პანიკობო… მასმედიის ყურადღება არ სიამოვნებდათ”

[მას შემდეგ, რაც პოსტი დავწერე], შეკითხვა გაჩნდა, რატომ უნდა ამ ადამიანს გადაყვანა? მე ამაზე ვერ ვისაუბრებდი და არც მქონდა თავი, უკვე მიჭირდა საუბარი.

მერე, როგორც ხშირად ხდება, შეკრებილა სამოქალაქო საზოგადოება, გახმაურებულა ჩემი ამბავი და რამდენიმე ვარიანტი გამოჩნდა.

იქ ყოფნის ბოლო დღეს ექიმმა, რომელიც თბილისიდან იყო გამოგზავნილი, მითხრა, ტყუილად პანიკობო. ნემსს გაგიკეთებო და ნახავ, არაფერი გჭირსო. ვეუბნები, როგორ, მთელი ღამე ვოფლიანობ, ცუდად ვარ, მაისურებს ძლივს ვიცვლი…

ეს ექიმი მენეჯმენტის დალაგებას ცდილობდა და თვითონაც ხვდებოდა, რომ პრობლემები იყო. უბრალოდ, არ აწყობდა პრესის უზარმაზარი ინტერესი, რომელიც წამოვიდა.

აშკარა იყო, რომ ვიღაც მაღალჩინოსანმა დაურეკა და ალბათ, უნდოდა, მისთვის ეჩვენებინა, რომ [კარგად ვიყავი]. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ზუსტად იმ დროს მომიტანა ახლობელმა კარგი თეთრეული, პლედი  და რაღაცები. კარგად გამოვიყურებოდი და მკითხა, თუ შეიძლება, გადაგიღოო.

ამ სურათს რომ გაუგზავნიდა ეს ექიმი იმ ვიღაცას, ისიც იფიქრებდა, ეს მართლა პანიკიორია, კარგ პირობებშიაო…

კი ბატონო, გადაიღეთ-მეთქი. მერე თქვა, გაიღიმეო, და უკვე აშკარა გახდა, რომ თავისი ნარატივი ჰქონდა და უნდა დაემტკიცებინა, რომ [კარგად ვიყავი]. ფაქტი იყო, რომ ვიღაცები შეწუხდნენ ამის გამო.

24-ბალიან შკალაზე ფილტვი 23-ით იყო დაზიანებული

ამ დროს გამოჩნდა ჩემი მეგობარი დათო კერესელიძე, რომელიც თბილისის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ნიუ ვიჟენი აერთიანებს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალსაც. ამასობაში, გადაყვანის სხვადასხვა ვარიანტები გაჩნდა. სამთავრობო წრეებიდანაც ჩაერთნენ ადამიანები.

უკვე სპეციალური მანქანა მჭირდებოდა გადასაყვანად, ვეღარ ვსუნთქავდი, ჟანგბადზე ვიყავი. ამ მანქანამ 20 ნოემბერს 3 საათში ჩამომიყვანა თბილისში და მერე პირდაპირ ამ ნიუ ვიჟენის ჰოსპიტალში დავწექი.

გამიმართლა იმაში,რომ აქ უკვე დამხვდა პროფესიონალების გუნდი, ექიმ ალეკო ჯეირანაშვილის ხელმძღვანელობით. სულ სხვა სიტუაცია იყო, რუხისგან განსხვავებით. ყველა ჩემი ახლობელი დარწმუნებულია, რომ იქ რომ დავრჩენილიყავი, შეიძლება, ფატალურად დამთავრებულიყო ეს ამბავი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.

თავდაპირველად თბილისში ენდნენ რუხის კლინიკის მონაცემებს, რომლებშიც ჯერ კიდევ ეწერა, რომ 24-ბალიან შკალაზე ფილტვი 12-ით მქონდა დაზიანებული. 12 კი არა, რეალურად, ამ დროს სულ სხვა სიტუაცია იყო.

რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ნახეს, რომ კლინიკურად ვმძიმდებოდი, უკვირდათ, რა ხდებოდა. 12-ბალიანი დაზიანებით ადამიანი ასე არ უნდა იყოსო. ამიტომ ეჭვი შეეპარათ და 25 ნოემბერს ამათაც გააკეთეს კატე. გაგიჟდნენ, 23 იყო დაზიანება. 23 როცა გაქვს 24-დან, კრიტიკული სიტუაციაა უკვე.

მდგომარეობა მძიმდებოდა: ბრძოლა საღი აზრის შესანარჩუნებლად

რომ გადმომიყვანეს, თავიდან ვიყავი ჩვეულებრივ განყოფილებაში. [ახალი] კატეს შედეგი რომ ნახეს, სასწრაფოდ გადამიყვანეს ინტენსიურ განყოფილებაში. იქ უკვე ძალიან ცუდად ვიყავი. უკვე გადარჩენაზე ყოფილა საუბარი.

განსხვავებით ზუგდიდიდან, ჩემს მეუღლეს ყოველ 3-4 საათში ურეკავდნენ, საქმის კურსში აყენებდნენ…

მე არც მიგრძვნია, რომ ასე კრიტიკულად ვიყავი. ცოტა ცუდად რომ ვიყავი, ვხვდებოდი, მაგრამ ასე კრიტიკულად თუ ვიყავი, არ ვიცოდი… დღემდე დავალებული ვარ იმ ექიმებისგან. ეს არის გუნდი, რომელიც დღე და ღამე იქ არის. მათი წყალობით გადავრჩი, რომ იტყვიან.

თბილისში ჩატარებული გამოკვლევის შედეგები.

ხანდახან მეგონა, რომ ორი ადამიანი იყო ჩემში. ჩემს თავსაც ვესაუბრებოდი ზოგჯერ. თითქოს რაღაც ვირტუალურ სამყაროში ხარ: აქეთ – შუქები, იქით – ნემსები… ცოტა გერევა უკვე რაღაცები, ნერვული სისტემაც ბოლომდე დაძაბულია და ამ დროს მნიშვნელოვანია, შეინარჩუნო საღი აზრი. ეს ცოტა რთულია.

მობილური მქონდა, მეტი არაფერი, და ვცდილობდი წამეკითხა რაღაცები, პრესას გავცნობოდი… ჩემს ახლობლებს ვუგზავნიდი რაღაცებს, რაც მათ გამოადგებოდათ. მაგალითად, ერთ-ერთი მიწის ნაკვეთს ეძებდა და ამაზე ჩავუგდე ინფორმაცია. მე ხომ არ ვიცოდი ბოლომდე, როგორ ვიყავი, მაგრამ მათ [იცოდნენ] ჩემი მდგომარეობა და უკვირდათ. როგორც მერე მითხრეს, ფიქრობდნენ, რომ მთლად დაწყობილი ვერ ვიყავი.

რეალურად, ამით დრო გამყავდა, რომ საღი აზრი არ დამეკარგა, რეალურ ცხოვრებას არ მოვმწყდარიყავი. წარმოიდგინეთ, დღე და ღამე არეული გაქვს, ახლაც არ მძინავს და როგორც მეუბნებიან, ეს კიდევ კარგა ხანს დარჩება.

ჩემი მეგობრები მწერდნენ ამერიკიდან და შემდეგ უკვირდათ, როგორ ვპასუხობდი, მაგალითად, შუაღამის 3-4 საათზე. მე ვეუბნებოდი, რომ ჩემთვის დღეც და ღამეც ერთი იყო, ვერ ვგრძნობდი.

ცუდი ის არის, რომ მიერთებული რომ ხარ ჟანგბადზე, ფაქტობრივად, ვერ მოძრაობ. ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, ექთნებს…

შემდეგ, როგორც დასკვნაში ჩამიწერეს, მძიმე მდგომარეობის ფონზე წარმატების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ძალიან ადვილად გვემორჩილებოდაო. ფაქტობრივად, ყველაფერს ვასრულებდი.

შევპირდი, რომ დავბრუნდებოდი: ბოლო კომუნიკაცია დედასთან

დედას დიდად არ სიამოვნებდა, თბილისში რომ მოვდიოდი… მაგრამ იცოდა, რომ ცუდად ვიყავი. რომ გადმოვყავდი, შევპირდი, ნუ გეშინია, ხომ იცი, არასდროს მიმიტოვებიხარ, აუცილებლად დავბრუნდები-მეთქი. ვერ შევასრულე…

ელემენტარული ყურადღება, რაც საჭირო იყო, ჰქონდა საავადმყოფოში. მაგრამ ისიც ხომ მიერთებული იყო ამ ჟანგბადზე, თან ასაკში იყო და ცოტა უჭირდა [რაღაცები]. მერე, როცა მეც შემიყვანეს კლინიკაში, წინააღმდეგობას აღარ უწევდა ექიმებს, მაგალითად, ნემსების გაკეთებისას.

ფსიქოლოგიურად ძალიან დაეხმარა ჩემი იქ ყოფნა. მერე უფრო კარგად გახდა… როგორ ჩათვალა, იცით? რომ წყვეტა აღარ იყო ჩვენ შორის. თავიდან, რამდენიმე დღე, სანამ მეც შემიყვანდნენ, თურმე ძალიან ნერვიულობდა, რატომ არ მაკითხავსო. არადა, მე ხომ არ შემეძლო, ვინ შემიშვებდა იქ…

უკეთესობისკენ იყო ბოლო დღეებში. მეც ასე ვიცოდი, რომ 2-3 დღეში გაწერდნენ. რამდენიმე დღე კიდევ დარჩა კლინიკაში. მერე უკვე აქეთ წამოვედი და აღარ ვიცი, როგორ იყო. თანმდევი დაავადებებიც ჰქონდა: გულზე გადატანილი პრობლემები, მკლავი ჰქონდა მოტეხილი…

რავიცი, მე რომ ვყოფილიყავი, შეიძლებოდა, შემეცვალა რაღაცები. მე მაინც მიჯერებდა. ერთადერთი ვიყავი, ვისაც უჯერებდა, იგივე, ნემსების გაკეთებისას. ძალიან გადაიღალა. წარმოიდგინეთ, ამდენი ნემსი, სისხლის აღება… ამ ასაკში ძალიან რთულია ეს ყველაფერი.

დედა რომ გაწერეს, კითხულობდა, მეზობლები რატომ არ მაკითხავენო?

ეს კოვიდიც, სიმართლე გითხრათ, ვერ გაიგო. ეს ახალი ფენომენია და ამ ასაკის ხალხისთვის რთულია გაგება. რამდენად სერიოზული იყო, მე მგონი, ვერ მიხვდა ბოლომდე.

რომ გაწერეს და ჩავიდა სახლში, უკითხავს, მეზობლები რატომ არ მაკითხავენო? სხვა დროს სულ აკითხავდნენ და უკვირდა. მე არაფერი მჭირს გადამდებიო, უთქვამს. ბოლომდე მაინც ვერ გაიგო, რასთან იყო დაკავშირებული.

ჩემზე უკეთ იყო, ეს ვიცოდი. არც დამიშვია, რომ რაიმე გართულება იქნებოდა. კი ვფიქრობდი, გამოწერის მერე როგორ იქნებოდა, მაგრამ ამდენის გადახარშვის თავიც არ მქონდა, მე თვითონ ვიყავი უკვე ცუდად. ასე ალაგ-ალაგ გამკრავდა ხოლმე.

“დილით, როცა მისულა მეზობელი, კარი არ გაუღო”

ჩემი მეზობელი იყო იქ, რომელიც ექთანი იყო და დედას ის უვლიდა სახლში გაწერის შემდეგ. მასაც კოვიდი ჰქონდა გადატანილი.

ჩემი დეიდაშვილები აკითხავდნენ, საჭმელი, ყველაფერი მიჰქონდათ… ინფორმაცია მქონდა, რომ ოთახში დადიოდა, გარეთაც კი გავიდაო. ეს უკვე კარგ ინფორმაციად მომეჩვენა, რომ რადგან დადის, ესე იგი, კარგად არის. მერე უკვე აღარაფერი ვიცოდი.

ერთ დღეს, დილით, როცა მისულა ჩემი მეზობელი, კარი არ გაუღო. ხანდახან აგვიანებდა კარის გაღებას, ეზარებოდა ხოლმე ადგომა დილით. [დიდხანს] რომ არ გამიღო, მერე მეზობლებს დავუძახეო. კიდევ არ მიღებდაო.

მერე თავის მეუღლეს დაურეკა, ასევე, ჩემს დეიდაშვილს… უკვე მიხვდნენ, რომ რაღაც ხდებოდა. აბანოს ფანჯრიდან შევიდნენ სახლში. ერთი ხელი თბილი ჰქონდაო, მეორე – პირიქით. მეტი არაფერი ვიცი. სიმართლე გითხრათ, არავისთვის მიკითხავს….

23 ნოემბერს გაწერეს და 5 დეკემბერს გარდაიცვალა. 5 დეკემბერს მე უკვე კრიტიკულად ვიყავი. ჩემს ახლობლებს უკითხვათ, რა ვქნათ, ვუთხრათ თუ არაო. კრიტიკული მდგომარეობის გამო არაფერი მითხრეს. 11 დღის შემდეგ გავიგე ეს ამბავი.

ახლობლები უვლიდნენ, ყველაფერი, მაგრამ მიიღო თრომბი. მე რომ ვყოფილიყავი, შეიძლება, გადარჩენილიყო, არ ვიცი. ჩემ გარდა წამლებს ვერავინ დააძალებდა, თუმცა არაფერი ჰქონდა გამოწერილი, როგორც ასეთი.

ფილტვის რეაბილიტაცია

16 დეკემბერს გამომწერეს კლინიკიდან.

ზოგი ამბობს, 1-დან 3 თვემდეო, ზოგი – 6 თვემდეო… არავინ იცის, რას დაგიტოვებს ეს კოვიდი. მე ხომ პნევმონია მქონდა ფილტვებზე, ამიტომ დრო სჭირდება, რომ ფილტვი გაიხსნას…

ყოველდღე სამ ლიტრ წყალს ვსვამ. სატურაცია ჯერ დაბალი მაქვს. ნორმამდე რომ მივიდეს, ეს ფილტვი უნდა გაიხსნას ნელ-ნელა. მე კი მინდა, რომ სწრაფად მოხდეს, მაგრამ არ ხდება ასე. დრო უნდა, კიდევ ეს ჟანგბადები, მთელი ამბები, სიარული…

კორნელი კაკაჩია, კლინიკიდან გამოწერამდე რამენიმე დღით ადრე

კორნელი კაკაჩია, კლინიკიდან გამოწერამდე რამენიმე დღით ადრე

გარეთ რომ გავდივარ, ვგრძნობ, რომ კარგად ვარ. ალბათ ჰაერიც მოქმედებს.

ლექციებს ჯერ ვერ ვატარებ. ფიზიკურად ამდენი საუბარი არ შემიძლია. სხვა მხრივ, ვცდილობ, ნელ-ნელა დავბრუნდე, მაგრამ მთლად ბოლომდე ვერ ვარ. საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. იმ დღეს მანქანა გამოვწიე ცოტათი აქეთ და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს პირველად ვიჯექი საჭესთან.

ფეხით ჩვეულებრივად დავდივარ უკვე. კოვიდი, როგორც მითხრეს, რამდენიმე თვე აღარ დამემართება, მაგრამ გრიპის და სხვა პრობლემების კუთხით ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო. ექიმთან მინდოდა მისვლა, მაგრამ მითხრეს, რომ იმდენად ცუდი დროა, საავადმყოფოში სიარულიც დიდად არ არის სასურველი. ასე რომ, ჯერჯერობით სახლში ვზივარ.

გამიმართლა, ამ სემესტრში კარგი ასისტენტები მყავდა. მყავს  დოქტორანტურის სტუდენტი თორნიკე ზურაბაშვილი, რომელმაც ჩამანაცვლა და ჩემ მაგივრად ატარებდა ლექციებს. გამოცდები, ესეები, მე თვითონ გავასწორე, მაგალითად. მერე სემესტრიც დამთავრდა.

ინსტიტუტშიც ვუთხარი, გამომიგზავნეთ-მეთქი მასალები. ბლოგები იქნება თუ პუბლიკაციები, ვკითხულობ, ვასწორებ. ვცდილობ, ჩართული ვიყო, რომ ინტერესი არ გაქრეს. დედაჩემის ამბის გამოც, რათა ამაზე არ ვიფიქრო სულ. ალბათ, დრო დამჭირდება…

მხარდაჭერა მათგან, ვისაც არ ვიცნობდი

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მედიის დახმარება. გაკვირვებული ვიყავი.

[“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი] ნინო გელაშვილი მეკონტაქტებოდა ხშირად და იმასაც ვეუბნებოდი, ისეთი ხალხი მწერდა, ყოველდღიურ ცხოვრებაში რომ ვეკონტაქტებოდი, უბრალოდ, მაგრამ ისეთი ნაცნობობაც არ მქონდა ამ ჟურნალისტებთან.

უამრავი ადამიანი მეკონტაქტებოდა სხვადასხვა მედიიდან. გაკვირვებული ვიყავი ამ ყურადღებით. ცალკე სამოქალაქო საზოგადოებამ იაქტიურა, ასევე, თსუ-ს სტუდენტებმა და ხელმძღვანელობამ და ამან შექმნა ის აჟიოტაჟი, რამაც შესაძლებელი გახადა ფონის მომზადება. მარტო ჩემი მონდომებით იქ არაფერი გამოვიდოდა.

ჯანდაცვის სისტემა რეგიონებში: ის, რაც საკუთარ თავზე გამოვცადე

რეგიონებში კოლაფსია. ეს ახლა კი არ შევამჩნიე… დედაჩემი შარშანაც იყო ცუდად, სხვა საავადმყოფოში ვიყავით მაშინ. რაღაც დამჭირდა, ექთნების ოთახში შევედი და ვნახე, რომ გარდაცვლილი ადამიანების სურათები ეკიდა. ძირითადად, მამაკაცების. ვიკითხე, ესენი ვინ არიან-მეთქი. ესენი ჩვენი ბოლო ექიმები იყვნენ, რომლებიც გარდაიცვალნენო. ანუ, ადგილობრივი ექიმები.

პანდემიისას გამოჩნდა ის, რომ ჯანდაცვის სისტემა რეგიონებში, ფაქტობრივად, მოშლილია. ეს მარტო ამ ხელისუფლების პრობლემა არ არის, ცხადია. ათწლეულობით დაგროვდა ყველაფერი.

რეგიონებიდან წამოსული სტუდენტები, რომლებიც სამედიცინოზე სწავლობენ, უნდა წაახალისონ, თუნდაც თანხა დაუმატონ, რომ ფეხი მოიკიდონ ადგილზე, დარჩნენ იქ. ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებაც, რათა არ მოწყდნენ ბოლო მიღწევებს.

ამ კუთხით უზარმაზარი ვარდნაა რეგიონებში. ეს უფსკრული თუ არ აღმოიფხვრა, არ ვიცი… ძალიან გაგვიჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი