ახალი ამბები

კოვიდის გამო პოლიტოლოგ კაკაჩიას მდგომარეობა დამძიმდა – მას თბილისში გადაიყვანენ

19 ნოემბერი, 2020 • 3541
კოვიდის გამო პოლიტოლოგ კაკაჩიას მდგომარეობა დამძიმდა – მას თბილისში გადაიყვანენ

განახლება: კორნელი კაკაჩიას ორგანიზაციის წარმომადგენლის თანახმად, კაკაჩია სტაბილურადაა, — მძიმედ, თუმცა არა კრიტიკულად, — და მას პარასკევს, 20 ნოემბერს გადაიყვანენ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, რომელიც უკეთაა აღჭურვილი რთული შემთხვევების სამართავად.

პოლიტიკის მეცნიერის, კვლევითი ორგანიზაცია „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, კორნელი კაკაჩიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

კორნელი კაკაჩიას რამდენიმე დღის წინ Covid-19 დაუდგინდა, დღეს კი მდგომარეობა გაუუარესდა. ის სამეგრელოში, რუხის კლინიკაში იმყოფება და თბილისში გადაყვანას ითხოვს.

როგორც მისი ორგანიზაციის წარმომადგენელი სალომე კანდელაკი „ნეტგაზეთს“ ეუბნება, თავდაპირველად კაკაჩიას დედას დაუდგინდა კორონავირუსი, შემდეგ კი კაკაჩიასაც სიცხე მისცა, რის შემდეგაც ორივეს რუხის კლინიკაში მკურნალობენ.

„ჩემი მდგომარეობა უფრო რთულადაა. ბოლო 6 დღე ზედიზედ მაღალი სიცხე მაქვს, 39. სტაბილურად მიჭირს სუნთქვა (მარჯვენა ფილტვის პნევმონია მაქვს), დღე-ღამე არეული მაქვს“, – დაწერა კაკაჩიამ რამდენიმე საათის წინ ფეისბუკზე.

მოგვიანებით, საღამოს 19:00 საათისთვის გავრცელდა მისი ახალი მიმართვა, სადაც პოლიტოლოგი ამბობს, რომ ძალიან მძიმედაა:

„ვერ ვდგები, ჟანგბადის გარეშე ვერ ვსუნთქავ, ხელოვნური სუნთქვის აპარატი მჭირდება, შესაძლოა ყველაფერი ფატალურად დამთავრდეს“, – ამბობს იგი.

კაკაჩიას თქმით, მისი სიცოცხლე გადასხმებზეა დამოკიდებული, რუხის კლინიკაში კი „ელემენტარული რაღაცები არაა, თან ექიმების ნახევარი ცუდად გახდა“.

„დედაჩემი უკეთ გახდა, ცოტა ხანში გაწერენ, რაც შეეხება ჩემს სიტუაციას, თუ ხვალამდე არ გადამიყვანენ, შესაძლოა ბოლო ინტერვიუ იყოს“…

კაკაჩიას თანამშრომელმა, სალომე კანდელაკმა „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა, რომ მისი ინფორმაციით, ეს ნამდვილად კაკაჩიას სიტყვებია და მისი მდგომარეობა დამძიმებულია:

„დედა უკეთ არის, მაგრამ თვითონ არის ძალიან ცუდად. ვერ სუნთქავს და სიარულითაც ვერ დადის. ამიტომ უნდა, რომ თბილისში გადმოვიდეს“, – გვითხრა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი