ახალი ამბები

“ნაციონალურ მოძრაობაში” დიდი განახლების და დიდი გადალაგების დროა — მელია

4 იანვარი, 2021 • 847
“ნაციონალურ მოძრაობაში” დიდი განახლების და დიდი გადალაგების დროა — მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიაში დიდი განახლების და დიდი გადალაგების დროა.

მელია, რომელიც პარტიის თამჯდომარედ რამდენიმე დღის წინ აირჩიეს, ამბობს, რომ რაც არ უნდა ორგანიზებული და შემართული იყოს პოლიტიკური ძალა, გარკვეულ ხანში, ყოველთვის დგება განახლებისა და ცვლილებების აუცილებლობის ეტაპი”.

“დღეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში სწორედ დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა და ეს კანონზომიერია. ცვლილებების აუცილებლობა არ ნიშნავს იმას, რომ აქამდე ბევრი რამე არასწორად ხდებოდა, არც იმას, რომ ვინც წინა ფლანგზე ჩანდა, დაუმსახურებლად ჩანდა და ამიერიდან აღარ უნდა ჩანდეს.

ცვლილებების აუცილებლობას ქმნის ის გამოწვევები, რომელიც პარტიის, საერთოდ ქვეყნის წინაშეა – დასამარცხებელია და ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებელია ძალა, რომელიც ქვეყანას დიდ და ღრმა უფსკრულისკენ მიაქანებს”, — აცხადებს მელია.

მელიას თქმით, ამ ძალის დასამარცხებლად არსებული ფრონტი ახალი თაობითაა გასაფართოებელი, თუმცა იქვე განმარტავს, რომ ძველი ძალების ახლით ჩანაცვლება არ სურთ.

“ჩვენ გვინდა ჯამის შეცვლა და, შესაბამისად – შესაკრებთა შეკრება და არა შესაკრებთა გადაადგილება”, — აცხადებს მელია.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ ნიკა მელია 27 დეკემბერს გამართულ პარტიის ყრილობაზე ოფიციალურად აირჩიეს. მანამდე ენმ-მ ფეისბუკზე სპეციალური ჯგუფი შექმნა, რომელშიც მოქალაქეებს ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატებისთვის — ნიკა მელიასა და ლევან ვარშალომიძისთვის ხმის მიცემა დისტანციურად შეეძლოთ.

პარტიაში ამბობენ, რომ ამ არჩევნებში 20 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა უმეტესმა ნაწილმა ნიკა მელიას მისცა ხმა. მელიას ოპონენტმა, ლევან ვარშალომიძემ ხმების 36.1% აიღო.

მანამდე, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტს გრიგოლ ვაშაძე იკავებდა, თუმცა 15 დეკემბერს ვაშაძემ პარტიის დატოვების შესახებ ფეისბუკზე გამოაქვეყნა განცხადება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებს შორის პარტიაში “ოდიოზური ფიგურების” გამოჩენა, ელჩების წინააღმდეგ “გაჩაღებული თავდასხმა” და სხვა უთანხმოებები დაასახელა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი