ახალი ამბები

სამეგრელოში ხანძრის 28 კერა ლიკვიდირებულია, 10-ზე სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

4 იანვარი, 2021 • 887
სამეგრელოში ხანძრის 28 კერა ლიკვიდირებულია, 10-ზე სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

სამეგრელოში 40 აქტიური მინდვრის ხანძრიდან 28 კერა ლიკვიდირებულია, 2 კი- ლოკალიზებული, დარჩენილია 10 კერა, რომელზეც მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ სალიკვიდაციო სამუშაოებს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

“სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს 161 მეხანძრე-მაშველის გარდა, ადგილზე მობილიზებულია თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, გურიის და აჭარის მეხანძრე-მაშველების 90-კაციანი ჯგუფი და 20 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა”, — აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

სამეგრელოს გარდა, ეკალბარდი იწვის იმერეთსა და გურიაში. იმერეთში, სოფელ მაღლაკსა და ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ, ხოლო გურიაში – სოფელ ლესასთან, ნაგომართან და გაგურთან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ხანძრებზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ადგილზე არიან, მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.

“დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.
მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე, ტყის მასივებზე”, — აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მასალების გადაბეჭდვის წესი