ახალი ამბები

ინდონეზიაში კორონავირუსის ვაქცინას ხანდაზმულებზე ადრე ახალგაზრდები მიიღებენ

4 იანვარი, 2021 • 1205
ინდონეზიაში კორონავირუსის ვაქცინას ხანდაზმულებზე ადრე ახალგაზრდები მიიღებენ

ინდონეზია კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციისთვის ემზადება. დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით, ინდონეზიაში ხანდაზმულების ნაცვლად  ვაქცინის მიწოდებისას პრიორიტეტი სამუშაო ასაკის მოქალაქეებს მიენიჭებათ.

ოფიციალური ჯაკარტა ამ გზით ე.წ. “ჯოგური იმუნიტეტის” გამომუშავებას ცდილობს, რაც მთავრობის განცხადებით, ქვეყანას ეკონომიკის სწრაფად გაჯანსაღებაში დაეხმარება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ინდონეზია ვაქცინაციას ჩინური ფარმაცევტული კომპანია Sinovac Biotech-ის მიერ შექმნილი ვაქცინით გეგმავს. ხელისუფლების განცხადებით, ამგვარი გადაწყვეტილება იმითაცაა გამოწვეული, რომ მათ არ აქვთ საკმარისი მონაცემები მაღალ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის ეფექტურობის შესახებ, ამიტომაც ვაქცინაციას ჯერ ახალგაზრდები ჩაიტარებენ.

ქვეყანაში Pfizer-ისა და AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინები, სავარაუდოდ, 2021 წლის მეორე-მესამე კვარტალში იქნება ხელმისაწვდომი.

სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორ დეილ ფიშერის განცხადებით, ახალგაზრდები უფრო მეტად აქტიურები, სოციალურები არიან და მეტს მოგზაურობენ.

“ეს სტრატეგია შეამცირებს შიდა გავრცელებას იმაზე სწრაფად, ვიდრე მოხუცი მოქალაქეების ვაქცინაციის შემთხვევაში მოხდებოდა”, – აცხადებს ფიშერი.

მისივე განცხადებით, ხანდაზმული ადამიანები მძიმე დაავადებების განვითარებისა და გარდაცვალების მომატებული რისკის ქვეშ არიან, ამიტომ მათი ვაქცინაციაც რაციონალურა. “ორივე სტრატეგიაში ლოგიკურ აზრს ვხედავ”, – აცხადებს იგი.


მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ყველა სხვა ქვეყანაში, პირველ რიგში, მძიმე დაავადებების მქონე პირებთან და ჯანდაცვის მუშაკებთან ერთად, ვაქცინას მოხუცები მიიღებენ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესის დაწყებისას რამდენიმე ვაქცინას გამოიყენებენ. უპირველესად აიცრებიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, მოხუცთა სახლებში მცხოვრები ბენეფიციარები, მძიმე დაავადებების მქონე და 75 წელს ზემოთ მყოფი პირები.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი