ახალი ამბები

82 წლის ბრიტანელი კაცი პირველია მსოფლიოში, ვინც ასტრაზენეკას ვაქცინით აცრეს

4 იანვარი, 2021 • 1286
82 წლის ბრიტანელი კაცი პირველია მსოფლიოში, ვინც ასტრაზენეკას ვაქცინით აცრეს

82 წლის ბრაიან პინკერი პირველი ადამიანია, ვინც ოქსფორდისა და ასტრაზენეკას ვაქცინით აცრეს. კორონავირუსის ეს ვაქცინა დიდ ბრიტანეთში რამდენიმე დღის წინ დაამტკიცეს.

The Guardian წერს, რომ 82 წლის პინკერი, რომელიც ოქსფორდში ცხოვრობს, დიალიზზე მყოფი პაციენტია. ის ადგილობრივი დროით 07:30 საათზე აცრეს.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს კორონავირუსის ვაქცინა მივიღე და ასევე ძალიან ვამაყობ, რომ ეს ვაქცინა აქ, ოქსფორდში შეიქმნა.

ექთნები, ექიმები და სხვა სამედიცინო მუშაკები – ყველა არაჩვეულებრივი იყო და ახლა უკვე ერთი სული მაქვს, როდის აღვნიშნავ ჩემი ქორწინების 48-ე წლისთავს, ჩემს მეუღლესთან, შირლისთან ერთად“,- თქვა პინკერმა, მის სიტყვებს კი დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

30 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში მასობრივი გამოყენებისთვის დამტკიცდა ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა. ბრიტანული წამლების რეგულატორის მიხედვით, ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტური ვირუსთან საბრძოლველად.

AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინა Pfizer-BioNTech-ის შემდეგ რიგით მეორე ვაქცინაა, რომელიც ბრიტანეთში გამოყენებისთვის დამტკიცდა. Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით უკვე აიცრა 600 000-ზე მეტი ბრიტანეთის მოქალაქე.

ვრცლად:

ბრიტანეთში ოქსფორდისა და ასტრაზენეკას ვაქცინა დაამტკიცეს

მასალების გადაბეჭდვის წესი