ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საზღვრის დემარკაცია რუსეთთან – რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

4 იანვარი, 2021 • 2926
საზღვრის დემარკაცია რუსეთთან – რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

რუსეთთან სახელმწიფო საზღვრის დადგენის საკითხი კიდევ ერთხელ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან და დე ფაქტო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციისთვის მისი სპეციალური წარმომადგენელი, მიხაილ პეტრაკოვი წარადგინა.

საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დადგენილი და შეთანხმებული მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკასთან აქვს. დანარჩენი სამივე მეზობელი, საქართველოსთან ერთად, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებია. მათთან საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესი 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.

ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, თუ რა პოზიცია აქვს ქართულ მხარეს რუსეთის პრეზიდენტის მიერ სოხუმთან და ცხინვალთან დამოუკიდებელი სადემარკაციო სამუშაოების შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით, მიიღებს თუ არა საქართველო რუსეთთან ერთად სამუშაოებში მონაწილეობას იმ შემთვევაში, თუ რუსეთის ფედერაციის საზღვარი აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ოფიციალურ თბილისთან არ იქნება შეთანხმებული და რა შესაძლო საფრთხეებს და/ან გამოწვევებს ქმნის ეს ყოველივე საქართველოსთვის.

ოფიციალური თბილისის  პოზიცია

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა 2 იანვარს ხელი მოაწერა დსთ-ის ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციისთვის მისი სპეციალური წარმომადგენლის, მიხაილ პეტრაკოვის დანიშვნის გადაწყვეტილებას. პეტრაკოვმა პოსტზე იგორ ბრატჩიკოვი ჩაანაცვლა.

როგორც დოკუმენტშია ხაზგასმით აღნიშნული, პეტრაკოვს საზღვრების შეთანხმება საქართველოსთან, დე ფაქტო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მოუწევს.

თბილისის ოფიციალური პოზიციის მიხედვით, შეუძლებელია რუსეთთან საზღვრების დემილიტაცია-დემარკაციის პროცესზე საუბარი მანამ, სანამ არ მოხდება საქართველოს დეოკუპაცია.

“რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი არ შეიძლება დღის წესრიგში დადგეს მანამ, სანამ რუსეთის  ფედერაციას ოკუპირებული აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ოფიციალური თბილისი რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალსა და სოხუმს შორის გაფორმებულ ნებისმიერ შეთანხმებას უკანონოს უწოდებს.

“ვიდრე არ მოხდება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სრულად არ შესრულდება, რუსეთის ფედერაციას, ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება, მათ შორის, ე.წ. საზღვართან დაკავშირებით, არის ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, უკანონო და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ეს შეფასებული იქნება, როგორც სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების მორიგი ძალისმიერი მცდელობა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მარიამ ნარჩემაშვილმა.

ნეტგაზეთი ქართული მხარის პოზიციის უფრო დეტალურად გასაგებად დაუკავშირდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან მოლაპარაკებების ფორმატში ზურაბ აბაშიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ კომენტარს ეთანხმება – ვერაფერს დაამატებს ან გამოაკლებს.

უნდა ელაპარაკოს თუ არა საქართველო რუსეთს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, საზღვარი რუსეთთან, ისევე როგორც ყველა სხვა მეზობელთან, შესათანხმებელია.

“შეთანხმება აუცილებელია, თუ გვინდა საერთოდ რაიმეს მივაღწიოთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვის ველაპარაკებით და რაზე ვსაუბრობთ. თუ არსებობს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შემათანხმებელი კომისია, ასეთივე რომ არსებობდეს რუსეთთან, ამაში პრობლემა არაა, ისევ და ისევ იმ დათქმით, რომ ამას კავშირი არ უნდა ჰქონდეს დე ფაქტო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან”, – განაცხადა ნეტგაზეთთან საუბრისას თინა ხიდაშელმა.

შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საქართველოსთან დელიმიტაცია/დემარკაციის პროცესის დროს არ განიხილავს საზღვრის აფხაზეთის, ჯავისა და ონის რაიონების მონაკვეთებს [დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი], უნდა ჩაერთოს თუ არა საქართველო ამ შემთხვევაში ამ პროცესში, თინა ხიდაშელი პასუხობს, რომ მაინც უნდა ჩაერთოს, თუმცა, მისივე განცხადებით, “თბილისმა უნდა დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია, რომ საქართველოს საზღვარი იწყება ფსოუდან.”

“ჩვენ ვიცით საზღვარი. ამ შემთხვევაში ვაკონტროლებთ თუ არა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ გაეროში გავწევრიანდით იმ საზღვრებში, რომლითაც დავტოვეთ საბჭოთა კავშირი. საქართველოს საზღვარი გადის ფსოუზე და არა ენგურზე. მოსკოვის შემოთავაზებებით ჩვენი დღის წესრიგი არ ისაზღვრება. პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროცესის არსებობა, სადაც საქართველო საუბარს დაიწყებს ფსოუდან და არა რაჭიდან, მაგალითისთვის. როდესაც ამბობ, რომ არ დავჯდები, ეს არის სისუსტე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა საუბარი უნდა დაიწყოს ფსოუდან”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებითაც, საქართველო არ უნდა ჩაებას დემილიტაციისა და დემარკაციის პროცესში, თუ თბილისთან არ განიხილება მისი საზღვრის მთლიანი მონაკვეთი დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით.

“რუსეთი აგრესიული სახელმწიფოა. ის უკანონოდ აღიარებს საქართველოს ტერიტორიას დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. სანამ რუსეთი უკან არ წაიღებს ამ აღიარებებს, მანამდე მასთან საუბარი ნებისმიერ მონაკვეთზე აბსურდულია”, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს. შესაბამისად, აღიარებს მათ საზღვრებსაც და საზღვრების დადგენის პროცესს ორმხრივ ჭრილში, თბილისისგან დამოუკიდებელი შეთანხმების ფარგლებში ხედავს.

ფაქტობრივი ანექსია აფხაზეთში – რა უნდა რუსეთს და რა ბერკეტები გააჩნია საქართველოს

დე ფაქტო აფხაზეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის 160 კვადრატული კილომეტრის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის საკითხი ჯერ კიდევ 2011 წელს, სოჭის ოლიმპიადის წინამოსამზადებელი სამუშაობის დროს გააქტიურდა.

2011 წელს რუსეთი ითხოვდა გაგრის რაიონის სოფელ აიბღასა და მიმდებარე მთებისა და ტყეების გადაცემას, რასაც დე ფაქტო აფხაზეთის ხელმძღვანელობა ეწინააღმდეგებოდა.

სოფელი აიბღა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე მდებარეობს. მას ორ ნაწილად მდინარე ფსოუ ყოფს.

სოფელი აიბღა Google maps-ის რუკაზე

“დიდი ხანია რუსეთი ამ სოფლის ხელში ჩაგდებას ცდილობს. სწორედ ამაზეა მუდმივი დავა. ეს სოფელია სტრატეგიული ადგილი, რომელსაც აქვს ყველა კომუნიკაცია, მათ შორის გზა და ელექტროენერგია. ამ სოფელს ოლიმპიადის დროს ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა, მათ შორის სადაზვერვო და უსაფრთხოების კუთხით”, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

“ოლიმპიადის დროს აფხაზებმა თავი დაიცვეს, მათ წარმოადგინეს საბჭოთა სოციალისტური საქართველოს რუკები, რითაც მტკიცდებოდა, რომ სოფელი საქართველოს მხარეს იყო. მას შემდეგ მუდმივად გრძელდებოდა ეს დავა. ბოლოს 12 ნოემბერს, როდესაც პუტინი და ბჟანია ერთმანეთს შეხვდნენ, ამაზეც იყო საუბარი.

როგორც ჩანს, რუსეთის ამოცანაა, რომ ეს სოფელი აითვისოს და დამატებითი მიწები მოიპოვოს. ახლა მთავარია, ამას როგორ გაუძლებენ სოხუმში. აფხაზეთში ახლა ეკონომიკური კრიზისია და შესაძლოა რუსეთმა მიმართოს შანტაჟს, რომ ისინი ვეღარ მიიღებენ თანხებს, რომლებსაც ახლა იღებენ იმ შემთხვევაში, თუ არ იქნებიან უფრო დამთმობნი [ამჟამად დე ფაქტო აფხაზეთი თავისი ბიუჯეტის შემოსავლების თითქმის ნახევარს რუსეთის ფედერაციის ფედერალური ტრანსფერებიდან იღებს]”, – აცხადებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგების საკითხებში.

დამაზუსტებელ კითხვაზე, არსებობს თუ არა ფაქტობრივი ანექსიის საფრთხე, პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ “იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მიისაკუთრებს აღნიშნულ ტერიტორიებს, ეს აშკარა ანექსია იქნება”.

“რუსეთის ნებისმიერი მოქმედება ამ მიმართულებით არის უკანონო. ისევე, როგორც ოკუპაციაა უკანონო, ისევე როგორც ყირიმის ანექსიაა უკანონო. რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ რას იტყვის რუსეთი, მაგრამ საერთაშორისო სამართლის მიხედვით ეს უკანონო იქნება. თუ ეს ტერიტორიები საქართველოსთან შეთანმხებით არ დაეთმო რუსეთს, მაშინ, რა თქმა უნდა, უკანონო იქნება”, – ამბობს იგი.

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, თუ რა ბერკეტები გააჩნია ოფიციალურ თბილისს რუსეთის მოქმედებების შესაჩერებლად, ზაქარეიშვილი პასუხობს, რომ საქართველოს შეუძლია საერთაშორისო დონეზე პროტესტის გამოხატვა.

“რეალურად, თბილისი უძლურია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ამაზე მუდმივად იქნება საუბარი და საერთაშორისო სამართალი ამას არ აღიარებს, ადრე თუ გვიან რუსეთს მოუწევს საქართველოსთან ამ თემაზე საუბარი. ნებისმიერი ურთიერთობების დათმობა რუსეთსა და საქართველოს შორის გაივლის ამ თემებზე – სად არის ის მიწა, რომელიც რუსეთმა მიითვისა. ეს იქნება მუდმივად სადავო საკითხი. იმედია, როდესაც დასრულდება ოკუპაცია და აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, საქართველო ისაუბრებს ამაზე. მაგრამ მანამ, სანამ თბილისი არ აღადგენს მის იურისდიქციას აფხაზეთზე და კონფლიქტის მოგვარება ხელს არ შეუწყობს აფხაზებთან შერიგებას, საქართველო მუდმივად ისაუბრებს რუსეთის მიერ ტერიტორიების უკანონოდ მისაკუთრების შესახებ”, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.


ქართველი ექსპერტების მიერ რუსეთის მხრიდან დე ფაქტო აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსიის მცდელობად შეფასდა მხარეებს შორის გაფორმებული საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის პროგრამაც.

გაეცანით სტატიას ნეტგაზეთის არქივიდან სოხუმსა და მოსკოვს შორის არსებულ ურთიერთობებზე:

რას ნიშნავს თბილისისთვის სოხუმისა და მოსკოვის მორიგი შეთანხმება

მასალების გადაბეჭდვის წესი