ახალი ამბები

ვის (არ) ჰქონდა ორმხრივი კონსულტაციები “ქართულ ოცნებასთან”

30 დეკემბერი, 2020 • 1154
ვის (არ) ჰქონდა ორმხრივი კონსულტაციები “ქართულ ოცნებასთან”

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ელჩების გარეშე ინდივიდუალურ კონსულტაციებს აწარმოებდა.

მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრები დიპლომატების თხოვნით შედგა და მთავარი სასაუბრო თემა პოლიტიკურ პარტიებთან საარჩევნო რეფორმები იყო. თუმცა კობახიძე არ აკონკრეტებს იმ პარტიებს, ვისთანაც კონსულტაციები ჰქონდათ.

“თითქმის ყველა პარტიასთან გვქონდა ორმხრივი შეხვედრები, ამას იმიტომ არ ვიტყვით, რომ ეს იყო ორმხრივი შეხვედრები, რაც დიპლომატების თხოვნით გაიმართა და ეს იყო კონფიდენციალური შეხვედრები. აქედან გამომდინარე ჩვენ შეთანხმებული ვართ იმაზე, რომ არ ვიტყვით, ვის, როდის და რაზე შევხვდით, დანარჩენი გამოჩნდება ბოლოს, როდესაც შედეგები დადგება”, — განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა შეხვედრები “ნაციონალურ მოძრაობასთან” და “ევროპულ საქართველოსთან”, კობახიძე პასუხობს: “ამ ორიდან ერთ-ერთთანაც იყო, მინიმუმ”.

თუმცა ოპოზიციური პარტიები უარყოფენ “ქართულ ოცნებასთან” უცხოელი ელჩების შუამავლობის გარეშე რაიმე სახის შეხვედრებს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრა პარტიას “ქართული ოცნების” წარმომადგნელებთან არც ჰქონია და არც ექნება.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” და ჩვენს ბლოკთან არავითარი კონსულტაციები “ქართულ ოცნებას” არ ჰქონია და ჩვენ ცალკე არც დაველაპარაკებით “ქართულ ოცნებას” იმ ფორმატის გარდა, რომელიც დღეს არსებობს, ეს არის საერთაშორისო ფორმატი”, — განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა კი ამბობს, რომ კობახიძე ამ განცხადებით მედიის “გამოყენებას” ცდილობს.

“არასერიოზული ღლაპია და მხოლოდ და მხოლოდ საუბრობს იმისთვის, რომ მერე ჟურნალისტებმა ამ თემაზე ილაპარაკოთ. ვწუხვარ, მაგრამ აქაც “ქართული ოცნების” დამოკიდებულება არის მომხმარებლური და გულწრფელ სურვილს ჟურნალისტებისას გააშუქონ ამბები, ასე იყენებენ”, — აცხადებს უგულავა “ფორმულასთან”.

“ქართულ ოცნებასთან” პირად კომუნიკაციას უარყოფენ “ლელოშიც”. “ლელოს” წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ ამ განცხადებით ირაკლი კობახიძე პოლიტიკურ პროცესში დისონანსის შემოტანას ცდილობს.

“მათთან კომუნიკაცია ხორციელდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და ეს ხდება ზუსტად იმის გამო, რომ ყველამ კარგად იცის, როგორი ფასი აქვს “ქართული ოცნების” სიტყვას და ეს არის ადეკვატური ასახვა მათ მიმართ არსებული ნულოვანი ნდობის. ირაკლი კობახიძე აქაც ტყუის. ცდილობს, რომ შემოიტანოს დისონანსი პოლიტიკურ პროცესში”, — განაცხადა საბა ბუაძემ “რუსთავი 2-თან”.

პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ შემოთავაზება არც “ქართული ოცნებიდან” ყოფილა და არც თავად ჰქონიათ მათთან რაიმე ტიპის კომუნიკაცია.

“ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით, გარდა იმ ფორმატისა, რაც არის ელჩების, არავისთან არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და ზოგადად, მიმაჩნია, რომ ასეთ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. იმიტომ, რომ ჩვენი პოზიცია საჯაროდ ცნობილია და ჩვენ ვამბობთ, რა არის ჩვენთვის პრიორიტეტი. არანაირი შემოთავაზება არც მათი მხრიდან ყოფილა და არც ჩვენ გვქონია რაიმე ტიპის კომუნიკაცია”, — განაცხადა ლევან იოსელიანმა “ფორმულასთან”.

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ პარტიებს შორის “ზოგადად, ამბის გაგება და მოკითხვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ხდება”.

“მე არ ვიცი, კობახიძე რას გულისხმობს მოლაპარაკებებში, მაგრამ ჩვენ ვართ პარტია, რომელიც ყველას ველაპარაკებით და ყველანაირი კომუნიკაცია გვაქვს. კი, ჩვენ პოლიტიკოსები ვართ და ერთმანეთში კომუნიკაცია გვაქვს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ოპოზიციას როგორ გავუჩალიჩოთ, ამაზე ვთანხმდებით ზურგს უკან — არა, ნორმალური კომუნიკაცია პოლიტიკოსებს შორის ნორმალურია.

მე დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ხუთთან, არამედ ყველა პოლიტიკური პარტიის სხვადასხვა ტიპის პოლიტიკოსებთან რაღაცა ტიპის კომუნიკაცია იქნებოდა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვინმე ქრთამს გთავაზობს ან შენზე ზეწოლას ახორციელებს”, — განაცხადა “ტვ პირველთან” ხვიჩიამ.

“ქართულ ოცნებასთან” ინდივიდუალური კონსულტაციების არსებობას არ ადასტურებენ “პატრიოტთა ალიანსში”.

“პატრიოტთა ალიანსთან” ასეთი ინდივიდუალური კონსულტაციები “ქართულ ოცნებას”, კობახიძეს ან მის მესვეურებს არ ჰქონიათ. ჩვენ შეხვედრა გვქონდა მხოლოდ ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით იმ მოლაპარაკების მაგიდასთან და ვიცით მათი პოზიციები, რაც გაჟღერებულია მოლაპარაკების მაგიდასთან, სხვა შეხვედრებზე “პატრიოტთა ალიანსთან” საუბარი არ არის”, — განუცხადა ჟურნალისტებს გოჩა თევდორაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი