ახალი ამბები

შსს-მ ნარკორეალიზაციის ბრალდებით 9 პირი დააკავა

30 დეკემბერი, 2020 • 928
შსს-მ ნარკორეალიზაციის ბრალდებით 9 პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნარკორეალიზაციის ბრალდებით ფონიჭალის დასახლებაში 9 პირი დააკავეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას.

უწყების თქმით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა:

“პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები – „ჰეროინი“ და „მეტადონი“, ასევე, ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.

ბრალი ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

მასალების გადაბეჭდვის წესი