ნეტგაზეთი | აფხაზებისა და ოსების ჯანდაცვაზე წელს 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა | თბილისი აფხაზებისა და ოსების ჯანდაცვაზე წელს 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა | თბილისი – Netgazeti
RU | GE  

აფხაზებისა და ოსების ჯანდაცვაზე წელს 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა | თბილისი

ქართული მხარის ცნობით, 2020 წელს აფხაზი და ოსი პაციენტების ჯანდაცვის კომპონენტზე საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული დახმარება ჯამურად 5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

“ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს სახელმწიფო რეფერალური პროგრამით კონტროლირებად ტერიტორიაზე უფასო ჯანდაცვის მომსახურებების მიღებას, რომლითაც წელს 900-მდე პაციენტმა ისარგებლა.

“გრძელდება ადგილზე სხვადასხვა სამედიცინო საშუალებების მიწოდებაც და წელს ჯანდაცვის კომპონენტზე საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული დახმარება ჯამურად 5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს“ – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა წლიური ანგარიშის წარდგენისას, დღეს, 30 დეკემბერს.

თეა ახვლედიანის განმარტებითვე,  “ოკუპირებული რეგიონებიდან მკურნალობის მიზნით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 250-ზე მეტი კოვიდინფიცირებული პაციენტი იყო გადმოყვანილი”.

„პანდემიის დაწყებისთანავე, ჩვენ უმაღლეს დონეზე განვაცხადეთ, რომ ოკუპირებული რეგიონების და გამყოფი ხაზების მოსახლეობა არ დარჩებოდა მარტო ამ გამოწვევის პირისპირ. მთავრობის ეს განცხადება დაუყოვნებლივ გარდაიქმნა კონკრეტულ ქმედებებში”.

ქართული მხარის ცნობით, აღნიშნული კონკრეტული ქმედებები მოიცავდა: კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაციის აფხაზურ და ოსურ ენებზე გავრცელებას; ექსპერტიზის და გამოცდილების გაზიარებას ექიმებს შორის ონლაინ კონსულტაციების და აფხაზეთის რეგიონში ჯანმოს ექსპერტების ვიზიტის გზით; სამედიცინო საშუალებების ადგილზე მიწოდებას როგორც მთავრობის, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან; პაციენტების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას და მკურნალობას.

გარდან ამისა, მინისტრ თეა ახვლედიანის ინფორმაციით, ამ დრომდე მკურნალობის მიზნით ქართულმა მხარემ მიიღო 250-ზე მეტი კოვიდინფიცირებული პაციენტი და რეკორდულად სწრაფად აღჭურვა და გახსნა რუხის საავადმყოფო.

“სამწუხაროდ, პანდემიის საპასუხოდ ჩვენ მიერ გაცხადებული ანალოგიური დახმარების განხორციელება დღემდე ვერ ხერხდება ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული მიდგომის გამო”.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან მკურნალობის მიზნით თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, ყოველ წელს, რამდენიმე ასეული პაციენტი ჩამოდის, თუმცა, ამ საკითხზე ქართული მხარე, “საკითხის სენსიტიურობის” მოტივით, ძირითადად საუბრობს მხოლოდ წლიური ანგარიშების წარდგენისას.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი