ახალი ამბები

“ევროპული საქართველოს” წევრი არ ვყოფილვარ, მჭიდრო პარტნიორობას ვაგრძელებ — შავგულიძე

30 დეკემბერი, 2020 • 1614
“ევროპული საქართველოს” წევრი არ ვყოფილვარ, მჭიდრო პარტნიორობას ვაგრძელებ — შავგულიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ევროპული საქართველოდან” წასვლას ელენე ხოშტარიას შემდეგ შალვა შავგულიძეც აპირებს. ამის შესახებ მან 29 დეკემბერს “რუსთავი 2”- ის ეთერში განაცხადა.

“ნეტგაზეთმა” აღნიშნული ინფორმაცია შალვა შავგულიძესთან გადაამოწმა. როგორც შავგულიძე ამბობს, ასეთი რამ ვერ მოხდება, რადგან პარტია “ევროპული საქართველოს” წევრი არაა და საპარალამენტო არჩევნებისთვის “ევროპული საქართველოს” პარტიულ სიაში ინდივიდუალურად იყო წარდგენილი.

“მე ინდივიდუალურად, როგორც ერთი ადამიანი, ვიყავი წარმოდგენილი “ევროპული საქართველოს” პარტიულ სიაში. მე ამ პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მაგრამ მე აქვე მინდა დავადასტურო ის გარემოება, რომ “ევროპული საქართველო” მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია ჩემთვის ყველაზე უფრო ახლობელ პოლიტიკურ ძალად. ვგულისხმობ, რომ ღირებულებითი თანხვედრაა, ერთანაირად ვხედავთ ამ ქვეყნის მომავალს და “ევროპულმა საქართველომაც” ისევე გადააფასა და აღიარა ის შეცდომები, რომელსაც მე მანამდეც ვხედავდი, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, ზოგ შემთხვევაში, დანაშაულებრივ შეცდომებსაც.

მე მაერთიანებს როგორც წარსულის შეფასების ერთნაირობა, ასევე ამ ქვეყნის მომავალი განვითარება.  ეს არის, რა თქმა უნდა, მხოლოდ დასავლურ ცივილიზაციაში, ევროატლანტიკურ სივრცეში ქვეყნის სრულფასოვანი ინტერგრირება და დღესაც მიმაჩნია “ევროპული საქართველო” ჩემთვის ყველაზე უფრო ახლობელ და პარტნიორ პოლიტიკურ ძალად. მაგრამ მე ამ პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და, სამწუხაროდ, ბატონი ირაკლის მოლოდინებს ვერ გავამართლებ”, — განაცხადა შავგულიძემ.

კითვხაზე, გააგრძელებს თუ არა ამ პარტნიორობას სამომავლოდ, შავგულიძე გვპასუხობს, რომ “ევროპულ საქართველოსთან” მჭიდრო პარტნიორობას გააგრძელებს.

“რა თქმა უნდა, მე ყოველთვის მჭიდრო პარტნიორობას გავაგრძელებ “ევროპულ საქართველოსთან”. ამ ადამიანებთან ამ ხნის მანძილზე, რაც ჩვენ ვპარტნიორობთ, უკვე მეგობრობაც გვაკავშირებს ერთმანეთის მიმართ, ჩვენ ორი ბრძოლა გადავიტანეთ ერთად — 2019 წელს მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში, სადაც ბლოკის სახით ვიყავით მაშინ “თავისუფალი დემოკრატები” და “ევროპული საქართველო” და ამ ბლოკის მაჟორიტარი მე ვიყავი და იმ ბრძოლამ ძალიან დაგვამეგობრა, შემდეგ ეს არჩევნები გავიარეთ ერთად და მე ადამიანებთან მაკავშირებს  პირადი მეგობრული ურთიერთობა, გარდა საქმიანისა”, — აცხადებს შავგულიძე.

ამასთან, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს ბარიერგადალახული ოპოზციური პარტიების უმრავლესობასთან კონსულტაციები ჰქონდა ელჩების გარეშე. გარდა ამისა, ცალკეული პოლიტიკოსები, მათ შორის “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა პირებმა პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ “კორუფციული შეთავაზებები” გაუკეთეს.

შალვა შავგულიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც “ევროპული საქართველოს” სიით მეათე მოწვევის პარლამენტში მოხვდა, თუმცა, ოპოზიციის სხვა წევრების მსგავსად პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. შავგულიძეს ვკითხეთ, ხომ არ უცდია “ქართულ ოცნებას” მასთან დაკავშირება და რაიმე ხომ არ შეუთავაზებიათ პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ, შავგულიძე გვპასუხობს, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა.

“აბსოლუტურად ადგილი არ ჰქონია და არც ექნებოდა იმიტომ, რომ საკმაოდ კარგად მიცნობს “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობა და ასეთ სეპარატისტულ მოლაპარაკებებს რომ ჩემთან აზრი არ აქვს, ესეც კარგად იციან”, — განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი