ახალი ამბები

აშშ-ში კორონავირუსის ბრიტანული შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

30 დეკემბერი, 2020 • 1131
აშშ-ში კორონავირუსის ბრიტანული შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას The Guardians ავრცელებს.

კოლორადოს შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ვირუსი ადგილობრივ ახალგაზრდა მამაკაცს დაუდგინდა, რომელსაც არ აქვს მოგზაურობის ისტორია უცხო ქვეყანაში. შტატის განცხადებით, ისინი იკვლევენ გავრცელების ჯაჭვს და იმას, თუ რა გზით დაინფიცირდა მამაკაცი.

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი ამ დრომდე არ იყო აღმოჩენილი აშშ-ში, ქვეყანაში არსებული დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები ვარაუდობდნენ, რომ ვირუსი უკვე ცირკულირებდა.

“არსებული მიმოსვლა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის, ისევე როგორც ამ ვირუსის მაღალი გავრცელება დიდ ბრიტანეთში, ზრდის შესაძლებლობას, რომ ვირუსი აშშ-შიც შემოაღწევს. ახალი ვარიანტი შესაძლოა უკვე ამერიკაშია, მიუხედავად იმისა, რომ გამოვლენილი არ იყო”, – აცხადებდა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი კოლორადოელი მამაკაცის შემთხვევის გამოვლენამდე.

კოლორადოელი მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც მსუბუქად ფასდება, მკურნალობას საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში გადის.


ვირუსის ახალი შტამი უკვე გამოვლინდა, სულ მცირე, 17 ქვეყანაში, მათ შორის სამხრეთ კორეა, ესპანეთი, ავსტრალია და კანადა. ვირუსი აღმოაჩინეს ევორკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც. გერმანიის ქვემო საქსონიის ლენდის [მიწის] ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, შტამი ჯერ კიდევ ოქტომბერში დაფიქსირდა გერმანიის ტერიტორიაზე.

ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებით, კორონავირუსის აქამდე არსებული ვაქცინები შეძლებენ ვირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგაც მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არსებული მონაცემებით, ბრიტანული ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ის არ იწვევს უფრო რთულ დაავადებებს, ვიდრე აქამდე არსებული სხვა მუტაციები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი