ახალი ამბები

მმართველ გუნდთან შეთანხმების შემთხვევაში ელისაშვილი პარლამენტში სხვა პარტიების გარეშე შესვლას არ გამორიცხავს

29 დეკემბერი, 2020 • 908
მმართველ გუნდთან შეთანხმების შემთხვევაში ელისაშვილი პარლამენტში სხვა პარტიების გარეშე შესვლას არ გამორიცხავს

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ მხოლოდ ის და ლევან იოსელიანი  შევიდნენ ოპოზიციის რიგებიდან პარლამენტში, თუ ელჩების შუამავლობით მიმდინარე შეხვედრებზე მმართველ პარტიასთან საარჩევნო კანონმდებლობის შეცვალზე შეთანხმდებიან. ამის შესახებ ელისაშვილმა რ2-ის ეთერში ისაუბრა.

ელისაშვილის თქმით, პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციურ ფლანგზე მხარდამჭერები არ ჰყავს: “არაფრის მეშინია, მთავარია, მე თვითონ მწამდეს იმის, რასაც ვაკეთებ და მჯეროდეს, რომ ეს ამ ქვეყნისთვის კარგია”.

კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა დანარჩენი ოპოზიციის გარეშე პარლამენტში  შესვლას, ელისაშვილმა უპასუხა.

“არც მაგის მომერიდება, ხომ სულ ასე სვამენ საკითხს. შესვლა -არშესვლაზე კი არაა, 100 მეტრში ვცხოვრობ პარლამენტიდან, პარლამენტში შესვლა რომ მეხალისებოდეს… 43 წლის ვხდები და არ ვყოფილვარ აქამდე დეპუტატი და როგორღაც მიცხოვრია, შესვლა- არშესვლაზე კი არაა, ფასს გააჩნია, რა ფასად შევალთ ჩვენ იქ. ამაზეა ლაპარაკი. რუსებს რომ აქვთ ანდაზა, ყველა თავისი გახრწნილობის მიხედვით საზღვრავსო, ვიღაცები უყურებენ, ყველას ჰგონია, რომ არიქა, ისე გვეხარბება მე და ლევან იოსელიანს ის მანდატები, ერთი სული გვაქვს შევვარდეთ იქ. არც მაგის შეგვშინდება, თუ ეგრე იქნება, არ გამოვრიცხავ მაგას [სხვა პარტიების გარშე შესვლას]. იქ შეთანხმებას უნდა მოვაწეროთ ხელი, რომელიც ელჩებთან არის და რომელიც დაპაუზდა”, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, ამ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი საკითხია საარჩევნო წესებისა და კანონების სამართლიანად შეცვლა.

“ქვეყანა ყოველი არჩევნების შემდეგ ჯანჯღარებს. მღელვარებების ძირითადი საფუძველი არჩევნები და მისი შედეგები არ არის? უნდა შევცვალოთ საარჩევნო სისტემა, რომ არჩევნები ერთხელ და სამუდამოდ იყოს სამართლიანი”, – განაცხადა მან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი