ახალი ამბები

უცხოელებმა გვთხოვეს, ოპოზიციისთვის მანდატები დეკემბერში არ შეგვეწყვიტა — კობახიძე

29 დეკემბერი, 2020 • 982
უცხოელებმა გვთხოვეს, ოპოზიციისთვის მანდატები დეკემბერში არ შეგვეწყვიტა — კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციის წევრების მოთხოვნას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტი თებერვალში განიხილავს.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” უცხოელმა პარტნიორებმა სთხოვეს, რომ ოპოზიციის წევრებისათვის სადეპუტატო უფლებამოსილება დეკემბერში არ შეეწყვიტათ.

“ჩვენ უცხოელმა პარტნიორებმა გვთხოვეს, რომ დეკემბერში არ გვეჩქარა. თუმცა თებერვალში ეს თარიღი აუცილებლად მოვა და თებერვალში აუცილებლად ეყრება კენჭი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას. შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ გვთხოვეს უცხოელმა პარტნიორებმა ამის არგაკეთება და ჩვენ ამ თხოვნას ვითვალისწინებთ. მათ შორის იყვნენ დიპლომატები”, — განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულმა პარტიება,(გარდა “მოქალაქეების”, “გირჩის” 3 წევრისა და “პატრიოტთა ალიანსის” ერთი წევრისა), სადეპუტატო მანდატებზე უარი განაცხადეს და საარჩევნო სიები გააუქმეს. პარალელურად კი უცხოელი ელჩების შუამავლობით ოპოზმოციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა 4 რაუნდი და იგეგმება, რომ მეხუთე რაუნდიც გაიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი