ახალი ამბები

“ოცნების” დეპუტატებთან დისკუსია დაცლილი იყო პოპულიზმისგან — მაჭავარიანი

29 დეკემბერი, 2020 • 1103
“ოცნების” დეპუტატებთან დისკუსია დაცლილი იყო პოპულიზმისგან — მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის წარდგენისას, რომელსაც მხოლოდ “ქართული ოცნების” წევრები ესწრებოდნენ, “პოპულიზმისგან დაცლილი” დისკუსია გაიმართა.

მან ამის გამო უმრავლესობის დეპუტატებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ  მსგავსი  მაღალკვალიფიციური დისკუსია ბევრ ევროპულ ქვეყანას შეშურდება.

მაჭავარიანის თქმით, სწორედ ეს პირობა არის მთავარი დამაიმედებელი, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან გამოვა.

“თითოეულ დეპუტატს მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ჩვენი დღევანდელი დისკუსია პრაქტიკულად დაცლილი იყო პოპულიზმისგან. კომიტეტზეც გამოჩნდა ეს ნიშნები და დღეს კიდევ უფრო გამიძლიერდა რწმენა, რომ ძალიან მაღალკვალიფიციური დისკუსია შევძელით. დამერწმუნეთ, ბევრ ევროპულ ქვეყანას შეშურდება. მე არაერთი საპარლამენტო დებატი მომისმენია ფინანსთა მინისტრების ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ბრიტანეთის პარლამენშტი… ძალიან ამაყი და სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, რომ საქართველოს დღევანდელმა პარლამენტმა ძალიან დიდი მგრძნობელობა გამოიჩინა ისეთ თემებზე, როგორიც არის მაკროსტაბილურობა, ფისკალური დისციპლინა… ისეთ თემებზე, რომლებიც ზოგადად არ არის ხოლმე მომგებიანი და პოპულარული”, — განაცხადა მაჭავარიანმა.

დღეს, 29 დეკემბერს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტი წარუდგინა. ბიუჯეტის განხილვა მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატების თანდასწრებით, ერთპარტიულ ფორმატში შედგა, რადგან ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი