ახალი ამბები

ჩვენთან ჩინოვნიკებს ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ, 21-ე საუკუნის გამოწვევებს ვერ პასუხობს — მაჭავარიანი

29 დეკემბერი, 2020 • 2434
ჩვენთან ჩინოვნიკებს ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ, 21-ე საუკუნის გამოწვევებს ვერ პასუხობს — მაჭავარიანი

ფინანსათა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ მსოფლიოს ქვეყნებს შორის საქართველოში ბიუროკრატიული ხარჯების მაჩვენებელი ერთ-ერთი დაბალია. ამის შესახებ მან პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის პროქტის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, არის რესურსი, რომ სახელმწიფო მოხელეები შეამცირონ, თუმცა მათი შემცირების ხარჯზე გამოთავისუფლებული თანხით ტექნოლოგიები უნდა დანერგონ. ამიტომ, მისი თქმით, ბიუროკრატიის შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული ფული ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად ვერ გამოდგება.

“ვიცით, რომ არ არის სახარბიელო სიტუაცია, ჩვენ გვყავს რაოდენობრივად დიდი ბიუროკრატია, მაგრამ დაბალანაზღაურებადი. ხშირად გვეუბნებიან ოპონენტები, რომ თქვენ, ჩინოვნიკები, თბილად ხართ კარგი ხელფასებით — არა, ძალიან დაბალი ხელფასებია, 21-ე საუკუნის გამოწვევებს ვერ პასუხობს. ვერ მოვიზიდავთ ნიჭიერ, საინტერესო და მაღალკვალიფიციურ ადამიანებს. იქ არის დანაზოგის საშუალება, მაგრამ რასაც დავზოგავთ, იქვე თუ არ ჩაბრუნდა როგორც ადამიანურ კაპიტალში, ასევე სისტემებში და ტექნოლოგიურ უზრუნველყოფებში, იქ 100 თუ 200 მილიონი დაიზოგება, ეს ვერ გახდება წყარო ფისკალური კონსოლიდაციის, ჩვენი დეფიციტის და ვალის გაკეთილშობილების წყარო”, — განაცხადა მაჭავარიანმა.

ბიუჯეტის პროექტით:

  • ადმინისტრაციული ხარჯები 221 მლნ ლარით იზრდება და, ჯამში, 3.3 მლრდ ლარამდე იქნება. ამ ხარჯების ზრდას შრომის ანაზღაურებაზე 60 მლნ ლარით მეტის და საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე 151 მლნ ლარით მეტის დახარჯვა განაპირობებს. 2019 წელთან შედარებით, ადმინისტრაციული ხარჯები 520 მლნ ლარით იზრდება;
  • საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 356 ადამიანით იზრდება და 112,570-ს მიაღწევს. აქედან 227 ადამიანი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მართვას ემატება, ხოლო 176 – შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამას. 82-ით იზრდება პოლიციელთა რაოდენობა, ხოლო 50-ით – პარლამენტის აპარატში დასაქმებულთა რაოდენობა;

მასალების გადაბეჭდვის წესი