ახალი ამბები

EMC პარლამენტს ნარკოდანაშაულებზე ამნისტიის გაფართოებისკენ მოუწოდებს

28 დეკემბერი, 2020 • 1153
EMC პარლამენტს ნარკოდანაშაულებზე ამნისტიის გაფართოებისკენ მოუწოდებს

EMC პარლამენტს მოუწოდებს, ამნისტიის შესახებ კანონპროექის ფარგლები გააფართოოს ნარკოტიკულ დანაშაულებზე, კანონის შემუშავების პროცესი მაქსიმალურად ღიად წარმართოს და პროცესში დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა უზრუნვლყოს.

EMC-ის შეფასებით, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში, ამნისტიის გავრცელება ნარკოდანაშაულებზე დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს ნაკოპოლიტიკის მიმართულებით ქვეყანაში არსებული ვითარების სიმძიმეს და ააშკარავებს მისი ძირეული ცვლილების აუცილებლობას.

“ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტურ რეფორმამდე, შუალედური ხასიათის ერთჯერადი ჰუმანური აქტი არის ერთადერთი მექანიზმი, რომელიც მეტ-ნაკლებად შეამსუბუქებს არსებული უსამართლო პოლიტიკით დამდგარ ზიანს”, – აცხადებს EMC.

EMC ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მოქმედი კანონმდებლობა ნარკოტიკულ დანაშაულთა უმეტესობაზე არ განსაზღვრავს საწყის ოდენობებს და შესაძლებელია, განსაკუთრებით დიდ ოდენობად ჩაითვალოს ნარკოტიკული საშუალების ის რაოდენობა, რასაც პირადი მოხმარების მიზნით ფლობდა მსჯავრდებული. აქედან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ “ერთი შეხედვით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებიც (სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვა) საჭიროებს ამნისტირებასა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირებისთვის შეფარდებული სანქციების თუნდაც ნაწილობრივ შემცირებას”.

“მართალია, პროექტი ითვალისწინებს ქვეყნის ფარგლებში ნარკოტიკული საშუალების გადაგზავნა/გადაზიდვისთვის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, თუმცა აბსოლუტურად გამორიცხავს ამნისტიის გავრცელებას 262-ე მუხლზე — ნარკოტიკული საშუალების ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო შემოტანა/გატანაზე. აღნიშნული ქმედებაც აგრეთვე შესაძლოა გულისხმობდეს ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით ფლობას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რაღაც ფორმით მასზეც გავრცელდეს ამნისტია. კანონპროექტში მთლიანად იგნორირებულია 265-ე მუხლი — ნარკოტიკის შემცველი მცენარის მოყვანა, დათესვა, კულტივაცია. სადაც არ იკვეთება გასაღების მიზანი, აგრეთვე უნდა გავრცელდეს ამნისტია. სამოქალაქო უფლებები უნდა აღუდგეს ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ იმ პირებს, ვისაც ამნისტია შეეხება და ვინც ნარკოდანაშაულისთვის უკვე გათავისუფლდნენ სასჯელისგან, თუმცა მათ მიმართ სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა ჯერ კიდევ მოქმედებს”, – აცხადებს EMC.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, EMC საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს:

  • ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარმართოს; უზრუნველყოს პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა, წარმართოს კონსულტაციები დარგის სპეციალისტებთან და საკითხზე მომუშავე ჯგუფებთან;
  • ნარკოდანაშაულთან მიმართებით გაითვალისწინოს კანონმდებლობაში ოდენობის განსაზღვრის პრობლემა და მის საფუძველზე განსაზღვროს იმ მუხლების ჩამონათვალი, რომელზეც უნდა გავრცელდეს ამნისტია;
  • უზრუნველყოს საპატიმროდან გამოსული პირებისთვის ადეკვატური სოციალური, ჯანდაცვისა და სარეაბილიტაციო პროგრამების ხელმისაწვდომობა;
  • ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ დაიწყოს აქტიური მუშაობა ზოგადად არსებული სისხლის სამართლისა და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ძირეულ რეფორმებზე;

ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დღეს იწყება. ამნისტიის ინიცირებული რედაქცია სხვადასხვა ქონებრივ და ეკონომიკურ დანაშაულებს, ნარკოტიკის პირად მოხმარებასთან დაკავშირებულ დანაშაულებს, აგრეთვე, შრომის უსაფრთხოების წესის დარღვევასთან, უკანონო თევზჭერასა და ნადირობასთან დაკავშირებულ და სხვა ქმედებებს შეეხება.

ამ თემაზე:

ამნისტია ლიბერალური ნარკოპოლიტიკის ნაცვლად

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.