ახალი ამბები

“ოთხივე საკითხზე უკან ვახევინებთ” – ელისაშვილი “ქართულ ოცნებაზე”

27 დეკემბერი, 2020 • 1374
“ოთხივე საკითხზე უკან ვახევინებთ” – ელისაშვილი “ქართულ ოცნებაზე”

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის გამართული მოლაპრაკებების შედეგად მმართველი პარტია უკან იხევს. ამის შესახებ ელისაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, პარტია “მოქალაქეები” პარლამენტში შესვლის საკითხს “სახელმწიფოებრივად უყურებს” და იმ შემთხვევაში თუ “ქართულ ოცნებასთან” ძირეულ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწევენ, ისინი პარმალენტში შევლენ.

“თვენახევარი ვიჩხუბეთ, ვიბრძოლეთ, ბრძოლაში არ დავზოგეთ თავი, ბოიკოტშიც, მოლაპარაკებებზეც რაც ძალი და ღონე გვქონდა ვაწვებოდით ოცნებას და ამ დიდი ბრძოლის შედეგი დევს უკვე იქ. ოთხივე საკითხზე უკან ვახევინებთ “ქართულ ოცნებას” და ეს უკან დახევა სახელმწიფოსთვის ყველაზე დიდი წინსვლაა და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც იქ დევს პოლიტპატიმრების გარდა არის საარჩევნო სისტემის ძირეული ცვლილება და ეს შეგვიძლია წამოვიღოთ. თუ ამაზე შევთანხმდებით ჩვენ [“მოქალაქეები”] შევალთ პარლამენტში და არც გიგი უგულავასი მომერიდება, არც უმანდატო ბოკერიასი და არც ამ ხელმოცარული პარტიის [“ევროპული საქართველო”] არც ერთი ლიდერის”, – განაცხადა ელისაშვილმა.

პარტია “მოქალაქეებმა”, ცესკოს მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგად ორი მანდატი მოიპოვა. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი არჩევნების შემდეგ გამოცხადებულ ოპოზიციის ბოიკოტს შეუერთდნენ და სხვა პარტიების მსგავსად პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობდნენ. ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის მიმდინარე მოლაპრაკებების პარალელურად, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ თუ მმართველი პარტია ოპოზიციის მიერ წაყენებულ პირობებს შეასრულებდა, ეს მისი პარლამენტში შესვლის წინაპირობა გახდებოდა.

ამასთან, ელისაშვილმა და იოსელიანმა ხელი არ მოაწერეს ოპოზიციის საერთო შეთანხმებას მანდატების დატოვების შესახებ, თუმცა განაცხადეს, რომ ბოიკოტის რეჟიმში რჩებოდნენ.

ოპოზიციის მემორანდუმი: ვინ (არ) ამბობს უარს მანდატებზე დღესვე?

მასალების გადაბეჭდვის წესი