ახალი ამბები

“ჩვენ არ გვინდა, ახალი წელი გავითენოთ?” – მოვაჭრეთა პროტესტი თბილისსა და ქუთაისში

26 დეკემბერი, 2020 • 880
“ჩვენ არ გვინდა, ახალი წელი გავითენოთ?” – მოვაჭრეთა პროტესტი თბილისსა და ქუთაისში

თბილისსა და ქუთაისში მოვაჭრეები მუშაობის უფლებას ითხოვენ. მათი თქმით, პანდემიის თანმდევი შეზღუდვების ფონზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვინაიდან აღნიშნული საქმიანობა ერთადერთი წყაროა შემოსავლისა, რომლითაც ოჯახებს არჩენენ.

თბილისში, ბაზრობა “თერგის” მიმდებარედ დილიდან ხმაური იყო. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ადგილზე ინსპექციის წარმომადგენლები გამოჩნდნენ და გარემოვაჭრეებს მიტანილი პროდუქციის გაყიდვის საშუალება არ მისცეს.

“ვაპროტესტებთ იმას, რომ არ გვაყენებენ ადგილზე. ვიყიდეთ საქონელი, მოვიტანეთ, ორი დღეა ვდგავართ. სესხით ნაყიდ [საქონელზე] გვეუბნებიან, არაფრის დიდებით არ გაჩერდეთო. მოვიყვანთ მანქანებს, დავდებთ ამ საქონელს და წავიღებთო. ჩვენ არ გვინდა, ახალი წელი გავითენოთ? სახლები გვაქვს, ოჯახი გვაქვს…” – უთხრა ტელეკომპანიას ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.

ქუთაისში აქცია ე.წ. კეჩის ბაზრობის მოვაჭრეებმა გამართეს. მათი მოთხოვნაც მუშაობის უფლებაა.

“…ეს [ბაზრობა] გაგვიხსნან, შეგვიშვან და მოგვცენ საარსებო წყარო, რომ ვიმუშაოთ. გვიჭირს ხალხს… ამით გვიდგას სული. ესენი გვიდგანან გვერდით, შვილებს და ოჯახებს ვარჩენთ ამით. გაიხედონ, გრანდ მოლში რა ხდება, ჩვენ კი ჰაერში ვართ დაკიდებული”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან, შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქების ფარგლებში, სავაჭრო მოლები გაიხსნა, ბაზრობები კი – არა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა თქვა, რომ მთავრობას ესმის ბაზრობების ზარალი, თუმცა მიაჩნია, რომ რიგების დაცვა თუ სხვა რეგულაციების შესრულება სავაჭრო ცენტრებში უფრო მეტად არის შესაძლებელი.

ფოტო: სქრინი “მთავარი არხის” ჩართვიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი