ახალი ამბები

24 დეკემბრიდან მოლები გაიხსნება, ბაზრობები – არა

22 დეკემბერი, 2020 • 1091
24 დეკემბრიდან მოლები გაიხსნება, ბაზრობები – არა

მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან შეზღუდვების იმ მასშტაბით არ მოიხსნება, როგორც დაგეგმილი იყო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის თქმით, “ბაზრობები ვერ გაიხსნება”, აგრარული ბაზრობები კი იმუშავებენ იმ პირობით, რომ სრულად დაიცავენ უსაფრთხოების წესებს.

“24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დიდ ქალაქებში დაშვებული იქნება სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება იმ შემთხვევაში, თუ დაიცავენ ყველა წესს. მეტიც, კონსულტაციების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება დამატებითი რეგულაციების დაწესების თაობაზე, რომელიც მეტად დაიცავს ჩვენს მომხარებლებს სავაჭრო ქსელებში ვიზიტის დროს”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილის განმარტებით, დაწესდა შემდეგი რეგულაციები:

  • მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე;
  • მომხამრებლების სავაჭრო სივრცეში დაშვება ნაკადების მკაცრი მართვით უნდა მოხდეს — მაღაზიების ფართის 20 კვ.მ-ზე დაიშვება არაუმეტეს 1 მომხმარებლისა;
  • მაღაზიების როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში უნდა მოხდეს რიგების მკაცრი მართვა, დისტანციის და პირბადის ტარების წესის დაცვა;
  • ფასდაკლებების აქციები უნდა გამოცხადდეს ან დილის საათებში, ან ონლაინ გაყიდვების დროს;
  • ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებს გასახდელები, შესაბამისად, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის გადაცვლა ან დაბრუნება ერთი თვის განმავლობაში, პირველი თებერვლის შემდეგ;
  • სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის, გატანის სერვისით;

როგორც მთავრობა აცხადებს, ბაზრობების არგახსნის მიზეზია თავად ამ ობიექტების სპეციფიკა. კერძოდ, როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, ბაზრობების ადმინისტრაციებს გაუჭირდებოდათ ბაზრობებზე მომუშავე ინდმეწარმეების და სხვა იურიდიული პირების კონტროლი. სწორე ამიტომ, რისკების გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ ეს ობიექტები არ გაიხსნას.

რომელი შეზღუდვები იხსნება 24 დეკემბერს და რომელი რჩება ძალაში

მასალების გადაბეჭდვის წესი