ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი: მზად ვარ პოსტი დავტოვო, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები

25 დეკემბერი, 2020 • 1285
ფაშინიანი: მზად ვარ პოსტი დავტოვო, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მზად არის, „ხალხის ნების საფუძველზე“ დატოვოს დაკავებული თანამდებობა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

ფაშინიანმა 25 დეკემბერს, 21:15 საათისთვის ფეისბუკზე დაწერა: „მზად ვარ, დავტოვო პრემიერ-მინისტრის პოსტი ხალხის გადაწყვეტილების შედეგად. მე შემიძლია პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება მხოლოდ ხალხის გადაწყვეტილებით“.

მან ასევე დაწერა, რომ მზადაა, გააგრძელოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობა „ხალხის ნდობის აღდგენის შემთხვევაში“, ყველა ამ საკითხზე პასუხის მისაღებად კი, მისი თქმით, მხოლოდ ერთი გზა არსებობს: ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ იწვევს საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს კონსულტაციებისათვის, რათა არჩევნები 2021 წელს ჩატარდეს.

სომხეთში ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობს. ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია ერევანში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ერევანში საპროტესტო აქციები 10 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას ცეცხლის შეწყვეტაზე, მთიანი ყარაბაღის რაიონების აზერბაიჯანისთვის გადაცემასა და რუსი სამშვიდობოების ყარაბაღში განთავსებაზე.

ოპოზიციამ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით მალევე დააანონსა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები და პრემიერის პოსტზე ყოფილი პრემიერის, ვაზგენ მანუკიანის კანდიდატურაც წარმოადგინა.

ფაშიანიანის გადადგომას ითხოვდნენ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტები და სომხური ეკლესიაც.

ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტს 2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ იკავებს. მან 2018 წლის არჩევნებში ხმების 80%-ზე მეტი მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი