ახალი ამბები

წინასწარი შედეგით ენმ-ის თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს

25 დეკემბერი, 2020 • 1196
წინასწარი შედეგით ენმ-ის თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში, წინასწარი შედეგით, ნიკა მელიამ მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ თავად პარტია ავრცელებს.

ენმ-მ რამდენიმე დღის წინ ფეისბუკზე სპეციალური ჯგუფი შექმნა, რომელშიც მოქალაქეებს კანდიდატებისთვის ხმის მიცემა დისტანციურად შეეძლოთ.

პარტიაში ამბობენ, რომ ამ არჩევნებში 20 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა უმეტესმა ნაწილმა ნიკა მელიას მისცა ხმა. მელიას ოპონენტმა, ლევან ვარშალომიძემ ხმების 36.1% აიღო.

„ამავე დროს, სპეციალური ჯგუფი (რომელშიც შედიან ორივე კანდიდატის თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლები და გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით) უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს კენჭისყრაში მონაწილე ფეისბუკ პროფილების (გვერდების) მონიტორინგს, რათა ყალბი გვერდებისა და ე.წ. „ბოტების“ მონაწილეობა გამოირიცხოს.

ამავე დროს, დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, მოგვაწოდოს ინფორმაცია სავარაუდო ყალბ პროფილებთან/გვერდებთან დაკავშირებით ან ხვალ, 12 სთ-დან, მობრძანდეთ ენმ-ის ცენტრალურ ოფისში (მის. კახეთის გზატკეცილი 45ა) და ჩაერთოთ ხმის მიმცემთა სიის გადამოწმების ღია პროცესში“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ეს არის…

Posted by ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement on Friday, 25 December 2020


დისტანციური კენჭისყრა 21 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე დაიწყო და 25 დეკემბრის 21:00 სთ-მდე გაგრძელდა.

პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 15 დეკემბერს გრიგოლ ვაშაძემ Facebook-ზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ენმ-ს ტოვებს. პარტიის დატოვების მიზეზებს შორის იგი ასახელებს პარტიაში “ოდიოზური ფიგურების” გამოჩენას, ასევე, ელჩების წინააღმდეგ “გაჩაღებულ თავდასხმასა” და სხვა უთანხმოებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი