ახალი ამბები

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან 500 სასუნთქი აპარატი და სხვა სამედიცინო ტექნიკა მიიღო

25 დეკემბერი, 2020 • 919
საქართველომ მსოფლიო ბანკისგან 500 სასუნთქი აპარატი და სხვა სამედიცინო ტექნიკა მიიღო

საქარტველომ მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში 1000 ჟანგბადის კონცენტრატორი, 500 არაინვაზიური სამედიცინო სასუნთქი გზების ვენტილაციის აპარატი, 400-მდე ჰოსპიტალური საწოლი და კომბინირებული სიპაპები მიიღო.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამედიცინო აღჭურვილობა განკუთვნილია სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე COVID-19-ის გართულებული შემთხვევების სამართავად იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობას კოვიდ-კლინიკებსა და კლინიკურ სასტუმროებში გადიან.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნულის გამოყენება შესაძლებელია სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით ბინაზე მიმდინარე მკურნალობის პირობებშიც:

“მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში 1000 ჟანგბადის კონცენტრატორი, სიპაპები და კომბინირებული სიპაპები გადმოგვეცა, რომელიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება. გარდა ამისა, ჩვენ 400-მდე ჰოსპიტალური საწოლი მივიღეთ, რომელიც ძირითადად სახელმწიფო კლინიკებში განთავსდება: რუხში , თბილისსა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
ადგილზე დავათვალიერეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიც, რომელიც დასასრულს უახლოვდება. მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს, რომელსაც საქართველოს დახმარებაში მნიშვნელოვანი ღვაწლი აქვს”, -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა პანდემიასთან ბრძოლისთვის სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა, ინფიცირებულებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა:

“ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ კოვიდ ინფიცირებულები მალე გამოჯანმრთელდნენ. მსურს მადლობა გადავუხადო მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, ექთნებს . ეს ადამიანები თითოეული ჩვენგანის დასაცავად საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ. რეკომენდაციების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ. დაიცავით უსაფრთხოების წესები, დისტანცია და ატარეთ პირბადე” ,- თქვა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა

მასალების გადაბეჭდვის წესი