ახალი ამბები

იმნაძე: COVID-ის ტესტირებაზე მიმართვიანობა ეცემა, მცირე სიმპტომებზეც ჩაიტარეთ გამოკვლევა

25 დეკემბერი, 2020 • 1106
იმნაძე: COVID-ის ტესტირებაზე მიმართვიანობა ეცემა, მცირე სიმპტომებზეც ჩაიტარეთ გამოკვლევა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში COVID-19-ის გამოკვლევებზე მიმართვიანობა შემცირებულია და დღეში საშუალოდ 14 000 ტესტი ტარდება, როცა ქვეყანას 20-22 ათასის რესურსი აქვს.

იმნაძე მოუწოდებს მოსახლეობას, მცირე სიმპტომების შემთხვევაშიც აუცილებლად დაუკავშირდნენ ექიმს და ჩაიტარონ გამოკვლევა კორონავირუსულ ინფექციაზე:

“სამწუხაროდ, ვხედავ, რომ გამოკვლევებზე მიმართვიანობა ეცემა. ამიტომ, ძალიან ვთხოვ ყველას, ვისაც ოდნავი სიმპტომები მაინც ექნება, აუცილებლად მიმართონ. ჩვენს ქვეყანას დღეს თავისუფლად შეუძლია 20-22 ათასი ტესტის კეთება დღეში. სამწუზაროდ, 14 ათასამდე ჩამოვიდა. თავდაპირველად ადამიანები აქტიურად მიდიოდნენ, ახლა, ეტყობა, მაინც ნაკლებად მიდიან. ამის პრობლემა ქვეყანაში არ არის და ყველას ვთხოვ, ვისაც ცოტა სიმპტომები მაინც ექნება, აუცილებლად ჩაიტარონ ტესტი”, – ამბობს პაატა იმნაძე.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 881 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების თქმით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1 551 ადამიანი.

„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 655 კვლევა ტესტით, მათ შორის, 6 747 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 908- PCR ტესტით“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი