ახალი ამბები

“სამშობლოს მცოდნეობის” გაკვეთილები დატვირთულია დისკრიმინაციით – ომბუდსმენი

25 დეკემბერი, 2020 • 1173
“სამშობლოს მცოდნეობის” გაკვეთილები დატვირთულია დისკრიმინაციით – ომბუდსმენი

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ “სამშობლოს მცოდნეობის” გაკვეთილები დატვირთულია დისკრიმინაციული შეხედულებებით, რომელთა წინაშეც არასრულწლოვნები განსაკუთრებით დაუცველები არიან. შესაბამისი განცხადება ომბუდსმენმა 25 დეკემბერს გაავრცელა.

საქმე ეხება საპატრიარქოსთან არსებული “ჩოხოსანთა საზოგადოების” პროგრამას, რომელსაც სტუდია “გუთნის” ხელმძღვანელი, ლექსო გელაშვილი უძღვება. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, პროექტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მეოთხე წელია ხორციელდება, მისი მიზანი კი “მომავალი თაობის ეროვნულად აღზრდაა”.

დისკრიმინაცია და სტერეოტიპები – რას ამბობს სახალხო დამცველი

ნინო ლომჯარიას განცხადებით, საჯაროდ ხელმისაწვდომი გაკვეთილის რამდენიმე ჩანაწერის გაანალიზების შემდეგ ცხადი გახდა, რომ გაკვეთილებს კონფესიური ხასიათი აქვს და აგებულია მართლმადიდებლურ რელიგიაზე.

“ამასთან, საჯარო სკოლის პედაგოგების მონაწილეობა მსგავსი რელიგიური შინაარსის გაკვეთილების ორგანიზებასა და მოსწავლეთა მობილიზებაში, ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ომბუდსმენი დასძენს, რომ გაკვეთილების შინაარსი დატვირთულია დისკრიმინაციული შეხედულებებით და ადგილი აქვს სქესის, ეროვნული წარმომავლობისა და სხვა ნიშნებით სტერეოტიპული შეხედულებების ტირაჟირებას, რაც შემაშფოთებელია:

“ასეთი ინფორმაციის წინაშე არასრულწლოვნები განსაკუთრებით დაუცველები არიან. აღნიშნულმა სწავლებებმა შესაძლოა მათ ჩამოუყალიბოს წინასწარი განწყობები, მაგალითად, ქალის გენდერულ როლთან დაკავშირებით, და შედეგად, შეუქმნას არასწორი წარმოდგენა გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ. დამსწრეთა რიცხვის გათვალისწინებით, რეალურად ეს გაკვეთილები ხელს უწყობს ამ თაობაში დისკრიმინაციული აზროვნების ჩამოყალიბებას”.

სახალხო დამცველის აპარატი აპირებს, შეისწავლის „სამშობლოს მცოდნეობის“ გაკვეთილების ორგანიზებაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე, საჯარო სკოლების შესაძლო ჩართულობის საკითხი და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები.

“…ასევე, შეაფასებს 2019 წელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებულ ცვლილებას, რომლითაც სკოლებს მიენიჭათ თავისუფლება, მოსწავლეებს შესთავაზონ ნებისმიერი საგანი და ამ ცვლილებებით გამოწვეულ რისკებს, სკოლებში რელიგიური ნეიტრალობისა და არადისკრიმინაციული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ქალის როლის ეშმაკისეულად წარმოჩენა და სხვა

“სამშობლოს მცოდნეობის” გაკვეთილი “მამაო ჩვენოთი” იწყება. შემდგომ მასწავლებელი კონკრეტულ საკითხზე იწყებს საუბარს და ამავე ხაზს მიუყვება 1 საათის მანძილზე. სასაუბრო თემები ყოველ გაკვეთილზე იცვლება, თუმცა არცერთ შემთვევაში სცდება მართლმადიდებლური სწავლების ხაზს.

პროგრამის ხელმძღვანელი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ  წიგნი, რომლითაც გაკვეთილებს უძღვება, მისივე შედგენილია. მისი განცხადებით, პანდემიამდე, კურსს თბილისისა და რუსთავის რამდენიმე სკოლაში კითხულობდა, ეპიდვითარების თანმდევი გართულებების ფონზე კი პროცესმა “ზუმში” გადაინაცვლა.

ერთ-ერთ საჯაროდ ხელმისაწვდომ ჩანაწერში ისმის, როგორ ეუბნება გელაშვილი 11-12 წლის ბავშვებს, რომ ეშმაკმა თქვა: “პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, ქალების როლი უნდა წამოსწიოთ წუთისოფელში. ქალი დირექტორი, ქალი პრეზიდენტი, ქალი პარლამენტის თანამშრომელი, ქალი პედაგოგი და ყველაფერში ქალი უნდა იყოს და უნდა მოხდეს რაც შეიძლება მეტი დატვირთვა ქალის”.

განათლების სამინისტრო გამორიცხავს რაიმე კავშირს ხსენებულ კურსთან. უწყება ამბობს, რომ პროექტის განხორციელებაში არ მონაწილეობდა, სკოლა დამოუკიდებელია და მას უფლება აქვს, მოსწავლეების სურვილის შემთხვევაში, შესთავაზოს ბავშვებს სერვისი.

“სამშობლოს მცოდნეობა” – გაკვეთილები მოსწავლეებისთვის მხოლოდ მართლმადიდებლობაზე

https://batumelebi.netgazeti.ge/news/320190/

 

მასალების გადაბეჭდვის წესი