ახალი ამბები

“სამშობლოს მცოდნეობა” – გაკვეთილები მოსწავლეებისთვის მხოლოდ მართლმადიდებლობაზე

17 დეკემბერი, 2020 • 2206
“სამშობლოს მცოდნეობა” – გაკვეთილები მოსწავლეებისთვის მხოლოდ მართლმადიდებლობაზე

“სამშობლოს მცოდნეობის” გაკვეთილი “მამაო ჩვენოთი” იწყება. შემდგომ მასწავლებელი კონკრეტულ საკითხზე იწყებს საუბარს და ამავე ხაზს მიუყვება 1 საათის მანძილზე. სასაუბრო თემები ყოველ გაკვეთილზე იცვლება, თუმცა არცერთ შემთვევაში სცდება მართლმადიდებლური სწავლების ხაზს.

საგაკვეთილო კურსი საპატრიარქოსთან არსებული “ჩოხოსანთა საზოგადოების” ხელმძღვანელობით, “ზუმის” მეშვეობით, ონლაინ ტარდება და მას ასობით ბავშვი – სხვადასხვა სკოლის მოსწავლე – ესწრება მშობლებთან ერთად.

“ნეტაზეთი” აღნიშნული კურსით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ერთ-ერთმა მშობელმა ფეისბუკზე გააკრიტიკა ის და აღნიშნა, რომ საგანი, რომელიც სახელწოდებიდან გამომდინარე სამშობლოს მრავალფეროვან კონცეფციას უნდა მოიცავდეს, მთლიანად კონკრეტული აღმსარებლობის ხაზს მიუყვება. გარდა ამისა, მისივე თქმით, გაკვეთილის დროს ისმოდა ანტიდასავლური გზავნილებიც.

რა არის “სამშობლოს მცოდნეობა”?

“სამშობლოს მცოდნეობა” “ჩოხოსანთა საზოგადოების” პროგრამაა, რომელსაც სტუდია “გუთნის” ხელმძღვანელი, ლექსო გელაშვილი უძღვება. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, პროექტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მეოთხე წელია ხორციელდება, მისი მიზანი კი “მომავალი თაობის ეროვნულად აღზრდაა”.

როგორც ლექსო გელაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, წიგნი, რომლითაც გაკვეთილებს უძღვება, მისივე შედგენილია. მისი განცხადებით, პანდემიამდე, კურსს თბილისისა და რუსთავის რამდენიმე სკოლაში კითხულობდა, ეპიდვითარების თანმდევი გართულებების ფონზე კი პროცესმა “ზუმში” გადაინაცვლა.

“ძირითადად ეს შედგენილია ქართლის ცხოვრებისა და პატრიარქის ეპისტოლეებისა და ქადაგებების მიხედვით და, რა თქმა უნდა, ჩვენს დიდ წინაპრებზე, ილიაზე, აკაკიზე, ვაჟაზე, გრიგოლ რობაქიძეზე და სხვ.”, – ეუბნება გელაშვილი “ნეტგაზეთს”.

“სამშობლოს მცოდნეობის” სახელწოდების ქვეშ გაერთიანებულ გაკვეთილებზე ძირითადად საუბრობენ მართლმადიდებლურ მრწამსსა და ღირებულებებზე, წმინდანთა ცხოვრებასა და შესაბამის ისტორიულ-კულტურულ მოვლენებზე. მაგალითად, გაკვეთილზე, რომელსაც “ნეტგაზეთიც” დაესწრო, ქრისტესა და ქეთევან დედოფლის წამებაზე ისაუბრეს. ამ უკანასკნელზე საუბრისას კი პედაგოგმა ასე მიმართა ბავშვებს:

“…დღეს კიდევ რა ცხოვრებას გვთავაზობენ, როცა თავისი ნებით და თავისი ძალით თავის სხეულს იშიშვლებენ ეს ლამაზი გოგონები და თავის სხეულს იწონებენ, თითქოს ეს სილამაზე მათ ეკუთვნოდეთ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს სილამაზე უფლის ძღვენია…

ქართველში ასეთი წესი იყო, რომ ჩვენი სილამაზე იყო დახურულში და მხოლოდ მეუღლეს უნდა სცოდნოდა იმ სიდიადის შესახებ, რა სიდიადე და სილამაზეც ღმერთმა უწყალობა ადამიანს. ჩვენ, ქართველებმა, ეს ქართული ჩაცმულობის ტრადიცია აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ”.

ლექციის ბოლოს შეეხნენ კრიტიკასაც, რომელიც სოციალურ ქსელში გაახმიანა ერთ-ერთმა მშობელმა. გაკვეთილზე აღნიშნეს, რომ მართლმადიდებლობა ყველა ეროვნების/რელიგიის სიყვარულს ქადაგებს და “საქართველოში ყველა კარგად გრძნობს თავს”, თუმცა  “საქართველო არის მართლმადიდებლური ქვეყანა და ჩვენც ბავშვები ამ სულისკვეთებით უნდა აღვზარდოთ”.

“კონკრეტული კონფესიის ჩარჩოში მოქცევა არ არის სასიამოვნო”

თემო ბაჯელიძის შვილმა სკოლიდან მიიღო შეტყობინება, რომ 12 დეკემბრის საღამოს, 21:00 საათზე, “ჩოხოსანთა საზოგადოების”ორგანიზებით ჩატარდებოდა “სამშობლოს მცოდნეობის” გაკვეთილი, რომელზე დასწრებაც ნებაყოფლობითი იყო.

“სახელმა დამაინტერესა. ჩემმა შვილმა, გოგომ, მინდა, ამის შესახებ მეტი იცოდეს. რაღაცნაირად სტანდარტი ხომ არის, ეს სამშობლო და პატრიოტიზმი მაინცდამაინც კაცებთან ასოცირდება. ვთქვი, რატომაც არა, ჩემი შვილიც დაესწროს”, – ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

კრიტიკული პოსტი, რომელსაც ასობით ადამიანი სხვადასხვა ფორმით გამოეხმაურა, სწორედ მან დაწერა სოციალურ ქსელში.

“ეს იყო ჩვეულებრივი 1.5-საათიანი გაკვეთილი მართლმადიდებლობაზე, სადაც არც კი იყო განხილული, რომ შეიძლება მუსლიმ ან კათოლიკე ქართველს არანაკლებ და უფრო მეტადაც უყვარს სამშობლო”, – აღნიშნავდა ის.

“ნეტგაზეთთან” საუბრისას დასძენს, რომ თავადაც მართლმადიდებელი ქრისტიანია, თუმცა არ მოსწონს სამშობლოს კონცეფციის კონკრეტულ რელიგიასთან გათანაბრება.

“შესაძლოა, ადამიანებს არ ჰქონდეთ ბოროტი მიზნები და ალბათ კეთილი მიზნები აქვთ, ჩემი აზრით, მაგრამ ეს ფორმა, რაც იყო გამოყენებული, ამის ერთი კონკრეტული კონფესიის ჩარჩოში მოქცევა, არ იყო ჩემთვის სასიამოვნო. არ გაჩენილა თანასწორობის მომენტი. რაღაც შეგრძნება გამიჩნდა, რომ მართლმადიდებლის გარდა, როგორ შეიძლება საქართველო ვინმეს უყვარდეს?”

მშობელი ამბობს, რომ საგაკვეთილო პროცესში იყო ცალსახა ორიენტირი “საიქიო ცხოვრებასა” და მატერიალური სამყაროს უმნიშვნელობაზე, რაც რთული აღსაქმელია ბავშვებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ კონკრეტული მიზნებისკენ სწრაფვას.

კიდევ ერთი, მისი თქმით, ბავშვებთან საუბრისთვის შეუსაბამო რამ, რაც გაკვეთილზე გახმიანდა, პოლიტიკური კონტექსტებია, რომ “ფულს გვაძლევენ და სამაგიეროდ რაღაცებს გვთხოვენ”, შემდეგ კი ითქვა: “მერე ვიღაც გამოვა და ტელევიზორში იტყვის: აი, დასავლეთი როგორი კარგია”.

“მართლმადიდებლობა ჭეშმარიტებაა და ჭეშმარიტებაზე დიდი არაფერია”

კურსის ხელმძღვანელი ლექსო გელაშვილი არ იზიარებს ზემოთ გამოთქმულ კრიტიკას. მისი თქმით, გაკვეთილებზე დასწრება ნებაყოფლობითია და თუ ვინმეს ეს კურსი არ მოსწონს, შეუძლია, არ მოისმინოს.

“ჩემი აზრით, მაგათ გულში ის მოხვდათ, რომ მართლმადიდებლობას ვასწავლით ბავშვებს. ეს გულზე ხვდება იმას, ვინც ამის წინააღმდეგია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, მართლმადიდებლები მოწოდებულნი ვართ, რომ გვიყვარდეს მტერიც და მოყვარეც”, – ამბობს ის.

“ნეტგაზეთმა” მას ასევე ჰკითხა, იზიარებს თუ არა კრიტიკის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც, აჯობებდა, რომ სამშობლოს ცნების განხილვისას ბავშვებს დომინანტური რელიგიის გარდა სხვა ფასეულობებსა და ფაქტებზეც, მაგალითად, ქვეყნის რელიგიურ და ეთნიკურ მრავალფეროვნებაზე ესაუბრონ.

როგორც ლექსო გელაშვილი საკითხზე საუბრისას აღნიშნავს, “ისედაც ცხადია, რომ საქართველოში ყველა კარგად გრძნობს თავს”.

“ჩვენ მართლმადიდებელი ქვეყანა ვართ და რა გასაკვირია, რომ მართლმადიდებლობით გავზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა. ჩვენ საგანგებო გაკვეთილები გვაქვს: “საუცხოო”, ასე ჰქვია. ანუ, რა არის ქართველისთვის უცხოეული…

ჩვენ იმდენად სტუმართმოყვარე, შემწყნარებელი ხალხი ვართ და ტოლერანტობა გვაქვს გულში და ფესვში გამჯდარი, ეს, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული გვაქვს, თუმცა ამით ვერ დავიწყებთ. ლაპარაკს ვიწყებთ იესო ქრისტეს სიყვარულზე, რომელიც ჩვენი საფუძველია”.

“ნეტგაზეთმა” პედაგოგს ასევე ჰკითხა, ნამდვილად გახმიანდა თუ არა გაკვეთილზე პოლიტიკური კონტექსტები, როგორც ამას მშობელი დასძენს, რაზეც ასეთი პასუხი მივიღეთ:

“რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კარგი გააჩნია დასავლეთს და ევროპას. რაც კარგი გააჩნია, მხარს ვუჭერთ… მაგრამ ის, რაც არის ათი მცნების წინააღმდეგ, ის, რაც გარყვნილებაა, მიუღებელია, ჩვენ ვასწავლით, რომ ეს მიუღებელია.

…აქ არ იყო ამაზე ლაპარაკი. ჩვენ უბრალოდ ვუთხარით ასეთი რაღაც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებში საიდანღაც შემოდის ისეთი დაფინანსება, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულობას. ჩვენ კი ვიცავთ ამ ეროვნულობას”.

“სამშობლოს მცოდნეობის” პედაგოგი ამბობს, რომ ამ ფორმით ის და მისი გუნდი ცდილობენ, “უშველონ” ქვეყანას.

“…შველა, ჩვენი აზრით, მხოლოდ მართლმადიდებლობის საფუძველშია”, – აცხადებს ის.

როგორ ხდება პროექტის ორგანიზება და რას ამბობს სამინისტრო

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება პროექტის განხორციელებაში ჩართული არ არის და, შესაბამისად, საგნის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სამინისტროსა და რესურსცენტრების მხრიდან არ მომხდარა.

“სკოლა საჯარო სამართლის იურიდიული პირია (სსიპ) და მას აქვს უფლება, მოსწავლეებს, სურვილის შემთხვევაში, დამატებითი საგანმანათლებლო სერვისი სამინისტროსგან დამოუკიდებლად შესთავაზოს”, – აღნიშნავს უწყება.

“ნეტგაზეთს” “საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებაშიც” ეუბნებიან, რომ “სამშობლოს მცოდნეობა” დამოუკიდებელი სასწავლო პროგრამაა და მის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ორგანიზაციის ე.წ. სადროშოები უზრუნველყოფენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ორგანიზაციის წარმომადგენელი ზვიად სეხნიაშვილი აღნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ინფორმაციას სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებსაც აწვდიან:

“ინფორმაციულ დონეზე შეიძლება გააფრთხილო და უთხრა, რომ არის ასეთი პროგრამა. თუ სურვილი გაქვთ, რომ თქვენი მოსწავლეები ჩაერთონ ამ პროგრამაში, მიიღონ მონაწილეობა, შეგიძლიათ, გადასცეთ. თუ არ აქვთ სურვილი, თემა იქ წყდება”.

“სამშობლოს ცნება ასეა დანახული ფორმალური სასწავლო პროცესის ფარგლებშიც”

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის” ცენტრის დირექტორი თამთა მიქელაძე აღნიშნავს, რომ სამშობლოსა და დომინანტური რელიგიის გაიგივება, რაზეც “ნეტგაზეთის” რესპონდენტებს სხვადასხვა პოზიციები აქვთ, ახალი ფენომენი არ არის.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2005 წლის რეფორმით განათლების სისტემა უფრო სეკულარული გახდა, ორგანიზაცია მსგავს მიდგომებს დღემდე აწყდება ფორმალური განათლების სფეროს კვლევის დროსაც:

“ასეთი დავიწროება ძალიან გაბატონებულია და ფორმალური განათლების სისტემის ნაწილიც არის. ჩვენ რომ ვნახოთ ისტორიის ინტერპრეტაციები, ის მუდმივად დგას ჩვენსა და სხვებზე.

ამ ინტერპრეტაციაში”ჩვენ” ვიწროდ ქართველი მართლმადიდებლები არიან და უფრო ინკლუზიური, უფრო ყოვლისმომცველი გაგება, სადაც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებიც შემოვლენ, არ გვაქვს და ძალიან ხშირად ვაწყდებით ამ პრობლემას”.

მიქელაძე ასევე განმარტავს,რომ  ნებისმიერ მსგავს პროექტზე, რომელიც არ ხორციელდება სკოლის ეგიდით, განათლების სამინისტროს უფლებამოსილება არ ვრცელდება. თუმცა, თუ მოხდა ისე, რომ მის ორგანიზებაში უშუალოდ ჩაერთო საგანმანათლებლო დაწესებულება, უწყებას აქვს უფლება, აწარმოოს მონიტორინგი მაშინაც კი, როცა საგანი არასავალდებულოა და საგაკვეთილო ბადის მიღმა ტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი