ახალი ამბები

კობახიძემ ოპოზიციის პარლამენტში არყოფნაზე ირონიულად ისაუბრა

24 დეკემბერი, 2020 • 819
კობახიძემ ოპოზიციის პარლამენტში არყოფნაზე ირონიულად ისაუბრა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდრემა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის მისამართით ირონიული მიმართვა წაიკითხა. მან ჩამოთვალა ოპოზიციის წარმომადგენლები და ის “მიზეზები”, თუ რატომ “დააკლდნენ” პარლამენტს ისინი.

“ძალიან მოკლედ მინდა შევეხო პარლამენტში არსებულ სურათს, დღევანდელ სურათს დააკლდა ოპოზიცია. ძალიან დაგვაკლდა გიგა ბოკერიას და მისი 3%-იანი პარტიის ფასდაუდებელი რჩევები საპენსიო რეფორმის გაუქმებასა და კატასტროფული საბიუჯეტო დეფიციტის წარმოქმნასთან დაკავშირებით. ძალიან დაგვაკლდა სალომე სამადაშვილი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ სწორედ “ქართული ოცნებაა” ჭეშმარიტად პროდასავლური პარტია, “ნაციონალური მოძრაობა” კი მიხეილ სააკაშვილისა და გუბაზ სანიკიძის ჭაობშია ჩარჩენილი. თუმცა ამ დარბაზში ის მაინც ჩვეული დამაჯერებლობით დაიწყებდა იმის მტკიცებას, რომ ხელისუფლება ქვეყანას ჩრდილოეთისკენ მიაქანებს. ძალიან დაგვაკლდა რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტის, ელენე ხოშტარიას მიერ სხდომათა დარბაზში აჟღერებული რუსეთის ჰიმნი.

პარლამენტში ძალიან დაგვაკლდა რუსულად ნამღერი თბილისო. ძალიან დაგვაკლდა “პატრიოთა ალიანსის” პოლიტიკური შემადგენლის პრორუსული პროპაგანდა. ძალიან დაგვაკლდა გიორგი ვაშაძე აღმაშენებლის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზში ჩატარებული სწრაფი კოვიდტესტი. ძალიან დაგვაკლდა პროსტიტუციისა და ნარკომანიის პროპაგანდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შესრულებით. ძალიან დაგვაკლდა ნიკანორ მელიას “ვაჟკაცური” პროვოკაციები. ძალიან დაგვაკლდა სხდომათა დარბაზში მოსხმული ტოქსიკური სითხე. ძალიან დაგვაკლდა ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე, უბრალოდ დაგვაკლდა…

ძალიან დაგვაკლდა შალვა ნათელაშვილის კომპეტენცია და პატიოსნება. ძალიან დაგვაკლდნენ სულხან სიბაშვილი, გიორგი ვადაბრელიძე და დავით ხაჯიშვილი. ესენი რას გაგვიკეთებდნენ… ფაქტია, რომ მაინც დაგვაკლდნენ. ეს ნახევრად სერიოზულად”, – მიმართა კობახიძემ პარლამენტს.

თუმცა, აღნიშნული მიმართვის დასრულებისას ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მაინც მოუწოდა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია პარლამენტს “უსათუოდ” სჭირდება. თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ამჟამად ქვეყანაში არ არის ნამდვილი ოპოზიცია, რომელიც იქნებოდა მწვავე და კრიტიკული “მაგრამ არა ნგრევისკენ, არამედ შენებისკენ მოწოდებული”. კობახიძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ასეთი ოპოზიცია ძალიან მალე ჩამოყალიბდება:

“სერიოზულად კი უნდა ითქვას, რომ ოპოზიცია პარლამენტს ყველა შემთხვევაში აკლია. ისეთიც კი, როგორიც ის არის. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ხოლმე მათ პარლამენტში შემოსვლისკენ და ეს მოწოდება ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ უნდა გავაჟღეროთ. ოპოზიცია უსათუოდ სჭირდება პარლამენტს. უფრო მეტად კი ოპოზიცია ქართულ პოლიტიკას აკლია. ქვეყანას სჭირდება ნამდვილი ოპოზიცია, მწვავე და კრიტიკული, მაგრამ არა ნგრევისკენ, არამედ შენებისკენ მოწოდებული. არა კრიმინალური, არამედ სუფთა წარსულით გამორჩეული. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ასეთი ოპოზიცია ძალიან მალე ჩამოყალიბდება. ამ თვალსაზრისით ჩვენი პოლიტიკური სისტემა სხვაგვარი მიმართულებით მიდის”, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის გამოსვლამდე დეპუტატებს მიმართა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, რომლის თქმითაც, ხშირად გამოთქმული არასწორი კრიტიკის მიუხედავად, კარგი იქნებოდა, ოპოზიცია პარლამენტში ყოფილიყო. “ოპოზიციის როლი არის განსაკუთრებული ქვეყნის განვითარებაში”, – განაცხადა მდინარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი