ახალი ამბები

„ძალიან იმოქმედა პანდემიამ, სკოლაში დაბრუნებას ითხოვს” – შშმ ბავშვის დედის ისტორია

17 იანვარი, 2021 • 1858
„ძალიან იმოქმედა პანდემიამ, სკოლაში დაბრუნებას ითხოვს” – შშმ ბავშვის დედის ისტორია

39 წლის ეკა ქაძანაია მარტოხელა დედაა, რომელიც თბილისში, სანზონაში, ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ერთ-ერთი მათგანი, 8 წლის თათია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია.

პატარა თათია აქტიური და კომუნიკაბელური ბავშვია, უყვარს ცეკვა და წელს მეორე კლასში უნდა წასულიყო. თუმცა, პანდემიამ და თანდართულმა შეზღუდვებმა ოჯახისთვის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა.

„კორონავირუსმა ყველაფერი გაართულა“

მე ვარ ეკა ქაძანაია, 39 წლის. მყავს ორი შვილი – 8 და 17 წლის. უმცროსი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. დაახლოებით 7 წელია, ბავშვებს მარტო ვზრდი. ჩემი ყოფილი მეუღლე გარდაცვლილია — მას გარდაცვალებამდე გავშორდი.

კორონავირუსამდეც და ახლაც ჩემთვის მთავარი ბავშვებზე ზრუნვა იყო და არის. მე ვერ ვმუშაობდი დღის განმავლობაში, უფროსი ბავშვი სკოლაში უნდა წასულიყო, მეორე კი რეაბილიტაციაზე დამყავდა. ამიტომ, საღამოობითა და ღამღამობით ვმუშაობდი რესტორანში დამლაგებლად. უმცროს ბავშვს ღამით უფროსს ვუტოვებდი. ისინი ასე გამოვზარდე.

კორონავირუსის პერიოდში ყველაფერი გართულდა. ბავშვი წელს მეორე კლასში წავიდა, თუმცა სწავლება დისტანციურია და სხვა არაერთ შეზღუდვასთან ერთად, ამ დისტანციურ სწავლებას კი ვერ შევეწყვეთ.

დისტანციური სწავლება, რომელიც ბავშვის საჭიროებებს ვერ ითვალისწინებს

ყველაფერთან ერთად, პანდემიამ სწავლა-განათლების კუთხითაც შეგვაფერხა. ამას ემატება რეაბილიტაცია, რომელსაც, პრაქტიკულად, ვერ გავდივართ. ამ ერთი წლის განმავლობაში, გადამბულად რომ ვთქვა და რომ შევკრიბო, ჯამში, 3 თვის განმავლობაში 10-10 პროცედურა ჩაგვიტარდა.

დისტანციური სწავლების პრობლემა შემდეგია – ბავშვი არის შეზღუდული შესაძლებლობის, მას აქვს სხვადასხვა დარღვევა და დაქვეითებული სმენა. მას უკეთია კოხრეალური იმპლანტი.

პირველ კლასში რომ შევიყვანე, მისთვის ყველაფერი უცხო იყო, მაგრამ მასწავლებლისა და პერსონალური ასისტენტის დახმარებით…  – დახმარე ჰყავდა, გვერდით ეჯდა და ეხმარებოდა. ბავშვი ჩაჯდა კალაპოტში, მან გაათვიცნობიერა, რომ ეს იყო კლასი, სკოლა, რომ მას უნდა ესწავლა, ამა და ამ დროს უნდა მოესმინა მასწავლებლისთვის, რასაც წერდნენ დაფაზე, ის უნდა გადმოეწერა და ა.შ. ბავშვი ბევრი კუთხით ჩაჯდა კალაპოტში, რასაც დიდი შრომა დასჭირდა.

ამ კალაპოტიდან კი უკვე ამოვარდა. მეორე კლასი ისეთი პერიოდია, როდესაც მოსწავლის ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება – მასწავლებლები ემატებათ, სხვადასხვა ახალი საგანი ჩნდება. ჩემს შვილს კი რადგან სხვადასხვა დარღვევა აქვს, დისტანციურად როდესაც შემოდიან ინტერნეტის საშუალებით, როდესაც ხდება ეს ყველაფერი, მას ეს სათამაშო ჰგონია. ბავშვებს როდესაც ხედავს, სულ იცინის. პრობლემაა ისიც, რომ ინტერნეტის კავშირის გამო ხშირია შეფერხებები.

ჩვენ მშობლები ვართ… უპირველესად ჩვენ უნდა ვისწავლოთ ეს ყველაფერი. გულწრფელად, მე არ ვიცი, დღესაც მიჭირს „თიმსში“ [სპეციალური პროგრამა ონალინ შეხვედრებისთვის] შესვლა, რას აკეთებენ, დღემდე ვერ ვხვდები ბოლომდე. მე მანამდე არ ვიცოდი, როგორ უნდა მემუშავა კომპიუტერზე, მე ეს კომპიუტერი არ მისწავლია, არ ვიცი. როგორია, როდესაც მასწავლებელი გეუბნება, ეს ქენი, ის გახსენი, ამაში გადმოტვირთე?! არ ვიცი ამდენი და როგორ გავაკეთო?! ვეღარ ვერთვებით ამ ყველაფერში.

ჩემი შვილი კი როდესაც ერთვება, ხედავს მონატრებულ კლასელებს, ბავშვებს, ისეთ ემოციას გამოხატავს, ერთი საათი სიცილი, გაცნობა და ა.შ. მეორე კლასი ისე მთავრდება, რომ ბავშვი სულ ორჯერ ჩაერთო და სხვა არაფერი… ვერ ჩავრთეთ.

ჯერ გაკვეთილებზე ჩართვა, შემდეგ კი რეაბილიტაცია დაგვეწყო. ისინი ერთმანეთს აღარ ემთხვევა. სკოლაში როდესაც დავდიოდი, რეაბილიტაციის საათები და საგაკვეთილო დრო ერთმანეთს შევუწყვეთ. მეც მოწყვეტილი ვარ გარესამყაროს. ვსხედვართ აქ გამოკეტილები, 3-4 თვეა გარეთ არ გამიყვანია. ძალიან შეგვიშალა ხელი ამ ყველაფერმა.

მე არ მაქვს იმის საშუალება, რომ მოვიყვანო ვინმე ასისტენტი, ბავშვს რომ ჩაუჯდეს, ავუყვანო მასწავლებელი. ბევრს აქვს ამის საშუალება, მაგრამ მე – არა. ვერ ავუყვან მასწავლებელს, რომელიც ცალკე ასწავლის.

პროგრამებიც იცვლება. მე რომ ვსწავლობდი, ის პროგრამები სულ სხვაა. თუ მასწავლებელი თვითონ არ შეეხო, თვითონ არ დაჯდა ბავშვთან ცალკე… მე არ ვამბობ, რომ იმ დამრიგებელმა თუ პირველი კლასის მასწავლებელმა გააკეთოს, მაგრამ ჩემს შვილს ჰყავს პერსონალური ასისტენტი. სკოლას ხომ ჰყავს? ის ძალიან დიდ როლს ასრულებდა. მე არ მაქვს იმის საშუალება, რომ სკოლიდან მოვიყვანო სპეციალისტი. ვისაც აქვს ამის საშუალება, აუყვანს, მე – ვერ.

რეაბილიტაციის პროგრამა და სახლში გამოკეტვა

რაც შეეხება რეაბილიტაციის პროგრამას, ეს დავამთვრეთ. ბოლო რამდენიმე თვე ვიარეთ, შემდეგ კი ეს პროგრამა დამთავრდა. ახლა უნდა შემეტანა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამაზე, რომ იანვრიდან დაფინანსება ყოფილიყო, მაგრამ ვერ წავედი.

ტრანსპორტი რომ არ დადის, ეს ფაქტობრივად შეუძლებელია. მე ტრანსპორტი უნდა ავიყვანო, წავიდე პედიატრთან, „ფორმა 100“ დავაწერინო. პედიატრს რომ ვუკავშირდები, აღარ პასუხობს ტელეფონზე. ამ „ფორმა 100-ით“ უნდა წავიდე მიცკევიჩზე [ავტორისგან: სოც.მომსახურების სააგენტოს ფილიალის მისამართი] და არ ვიცი… ჯერ არ შემიტანია, როდის გაიხსნება ეს გზები, როდის შევიტან, არ ვიცი.

წეღანაც აღვნიშნე, რომ მე არ ვიცი ონლაინ ეს როგორ კეთდება. ძალიან კარგი იქნება, თვითონ თუ გააკეთებენ ამ ყველაფერს და მე არ მექნება სარბენი. მე ბავშვს ვერავის დავუტოვებ, ამ საბუთებზე სიარულისას მე ბავშვი თან უნდა ვატარო – ეს უფროსი ბავშვი კიდევ, თავადაც სწავლობს.

განცდა მრჩება, რომ იმ უფროსსაც ბავშვობა წავართვი. რომ გამომიჩნდებოდა თავისუფალი დღე, პსტარა ბავშვს უფროსს ვუტოვებდი და მივდიოდი სამუშაოდ, დასალაგებლად. ახლა ამ პანდემიის პირობებში, არც დალაგებებზე დავდივარ და არც არაფერი. ერთადერთი, შევყურებ ბავშვების პენსიას და იმ სოციალურ შემწეობას, რომელიც თვეში ერთხელ მაქვს. ამ 200 ლარითა და ბავშვის პენსიით ოჯახს ვაჭმევ. წამალიც ამ ფულით უნდა ვიყიდო, საჭმელიც და ქურთუკიც.

დღეს ქურთუკიც კი არ აქვს ჩემს შვილს, რომ საღამოობით, როდესაც ქუჩაში ხალხი არ იქნება, გავასეირნო. მაგრამ ქურთუკს ვერ ვყიდულობ, ვერ გავდივარ და შესაძენი ფულიც აღარ მაქვს. გაიზარდა ბავშვი, რაც ჰქონდა, დაუპატარავდა.

ჩემს შვილს იმუნიტეტი დაბალი აქვს, ბრონქების პრობლემა აქვს, ხშირად დავდივართ ექიმებთან. შესაბამისად, ხალხმრავალ ადგილებში ვერ გავიყვან, ამიტომ მინდა საღამოს, მაშინ როდესაც ეზოში ნაკლები ხალხი იქნება, აქვე გავიყვანო, მაგრამ ვერ გამყავს.

დღისით კორიდორში გაყვანაც კი მეშინია. საღამოობით კი რაკიღა გარეთ ვერ გამყავს, სადარბაზოს ბოლო სართულზე აივანივით არის, იქიდან გადავახედინებ ხოლმე გარეთ.

დისტანციურად რეაბილიტაცია როგორ უნდა ჩატარდეს, ეს დღემდე ვერ გამიგია. ეს დისტანციურად რომ ტარდებოდეს… ის ფული მე ჩამირიცხონ და მე ჩავუტარებ ჩემს შვილს. მე 4 თვიდან დამყავს ეს ბავშვი, ბევრი რაღაც შევითვისე და ვიცი, არავის წაუყვანია, მე დამყავს.

დისტნაციური სესიის დროს სპეციალისტი მკარნახობს – ბავშვი სავარჯიშო ლეიბზე დავაწვინო და ვავარჯიშო მეც… მოდი, ამაზე დააწვინე და მოდი ეს ფეხი ასე აწიეთ – ამის თქმა არ მჭირდება, მეც ვიცი, როგორც გავაკეთო. ეს არის და ეს მათი – მოვალეობა ერთი-ორჯერ დამირეკეს და ეგ იყო, სხვა არაფერი. ვითომ დისტანციურად მომცეს რჩევები, როგორ უნდა ვავარჯიშო.

ენატრება სკოლა, სულ იმას მეხვეწება, რომ სკოლაში უნდა დაბრუნება. ძალიან იმოქმედა ჩვენზე ამ კოვიდმა.

სახელმწიფო დახმარება

თუ უწყებებს იქით არ დაურეკე, ისე არაფერი ხდება. ხომ ვიცოდი, რომ წითელი ჯვარი, მერია, გამგეობა – ეხმარებოდა შშმ პირებს. სანამ მე არ დავრეკე და არ შევახსენე, რომ მჭირდებოდა და მეკუთვნოდა დახმარება, არავინ შემხმიანებია.

ასე იყო მანამდეც, მაჟორიტარმა ერთ დღეს პრეზენტაცია წარადგინა, რომ აი ამდენ ხალხს ეხმარებოდა, სურათები დადო და ათასი რაღაცები გააკეთა, მაგრამ სანამ მე არ ვუთხარი – ღმერთმა მოგცეთ, ეს ყველაფერი, კარგია და მიხარია სხვებს მაინც თუ ეხმარებიან. მაგრამ ასეთი სტატუსები მე რომ მაქვს, რომ ვარ მარჩენალდაკარგული, რომ მყავს შშმ ბავშვი, რომ ვარ სოციალურად დაუცველი ყველაზე დაბალი ქულით, რომ ვცხოვრობ ასეთ პირობებში – არც გაზი მქონდა.

გაზი ერთი თვეა რაც შემოვიყვანე. ეს რომ შევახსენე, მერე მითხრეს, რომ მეკუთვნის და დამეხმარნენ. მათ იციან, რომ 6 წელია აქ ვცხოვრობ, ყველაფერი იციან ჩემზე, თუმცა, დახმარების მისაღებად მაინც მე უნდა შევახსენო თავი. ეს ბინა წელს დამიმტკიცეს.

გაზის შემოყვანა დამიჯდა 800 ლარი. გამგეობამ დამიფინანსა დანარჩენი 1 375 ლარი. ეს იყო ამათი დახმარება. სახელმწიფოსგან რაც მეკუთვნის, ზედმეტს არ ვთხოვთ. სახელწიფოსგან რაც მეკუთვნის, მაგაზეც იქით სჭირდებათ შეხსენება, სხვა არაფერი, უნდა შეახსენო.

სტრესი

როცა იცი, რომ ყველაფერი შენს ზურგზე უნდა გადავიდეს, ყველაფერზე რომ ფიქრობ – დიდი სტრესია. რამდენს უნდა გავუყო ეს ყველაფერი, რა უნდა გააკეთო, ვის უნდა მივმართო.

მეც მქონდა პრობლემები ჯანმრთელობის მხრივ, ისევ კერძო პირი დამეხმარა და არა სახელმწიფო, რომ ამ პრობლემებიდან ამოვსულიყავი და ეს პრობლემები ჯერაც არ გადაჭრილა. ვერ ვიცლი ჩემი თავისთვის, სულ ბავშვებზე ვფიქრობ.

ახლაც წამალი მქონა ჩემი შვილისთვის შესაძენი და ისევ კერძო პირი დამეხმარა. სახელმწიფოს ვერ მივმართავ – „ლიმიტი ამოგეწურაო“, ასე მითხრეს. დახმარების ლიმიტი რაკი ამომეწურა, უნდა ველოდო მეორე წელს.

და ეს პასუხები მოდის ამ სახელმწიფოსგან, თუნდაც მერიისგან.

ველოდები, როდის დაბრუნება ძველი ცხოვრება, დაიწყება ტურისტების შემოსვლა ქვეყანაში. როდესაც ტურისტები არიან, ქირაობენ ბინას, მათ სჭირდებათ დამლაგებლები. მე სტაბილურად ვერ ვმუშაობ. როდესაც შეზღუდვები მოიხსნება, რეაბილიტაციაზე უნდა ვატარო, ლოგოპედთან უნდა ვატარო. ბავშვს ძალიან უყვარს ცეკვა, მინდა სკოლაშიც იაროს, ცეკვაზეც იაროს.

როდესაც მე თავისუფალი დრო მქონდა, იმ დღეს მივდიოდი დალაგებაზე და იმ დღეს ვაკეთებდუ 20 თუ 30 ლარს. დღეს ეს ფული არც არაფერია, არ ვიცი, რა იქნება ხვალ და ზეგ.

ახლა რა დახმარებასაც ვღებულობ, მათ შორის, ბავშვის კვების ფული – 30 ლარი. დღეს იმ 30 ლარში 1 კილო ხორცი ვიყიდე მხოლოდ, ბავშვს რომ იმუნიტეტი გავუძლიერო. 23 ლარი მივეცი ერთ კილო ხორცში და ამას ვუზოგავ და მხოლოდ ბავშვს ვაჭმევ.


დახმარების მსურველებმა შესაბამისი თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშის ნომერზე:

საქართველოს ბანკი

მიმღები: დარიკო ქაძანია

ანგარიშის ნომერი: GEL11BG0000000345988748GEL


ამავე თემაზე წაიკითხეთ:

როცა შშმ ბავშვების საჭიროებებს დღის ცენტრები ვეღარ ფარავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი