ახალი ამბები

ტრამპმა საკუთარი გარემოცვის წევრები შეიწყალა

24 დეკემბერი, 2020 • 1241
ტრამპმა საკუთარი გარემოცვის წევრები შეიწყალა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელსაც მალე შეცვლის ჯო ბაიდენი, საკუთარი გარემოცვის წევრები შეიწყალა, მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დირექტორი პოლ მანაფორტი, ყოფილი მრჩეველი როჯერ სტოუნი და საკუთარი სიძის, ჯარედ კუშნერის მამა ჩარლზ კუშნერი. ინფორმაციას ბრიტანული BBC ავრცელებს.

რაში ედებოდათ ბრალი შეწყალებულ პირებს

პოლ მანაფორტი 2018 წელს გაასამართლეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მანაფორტი ხელს უშლიდა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიებას, მათ შორის, თავის წინააღმდეგ. გარდა ამისა, იგი ფინანსურ თაღლითობაშიც იყო ეჭვმიტანილი.

ციხეებში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მანაფორტი 2020 წლის მაისის შემდეგ, სასჯელს ფედერალური ციხის ნაცვლად შინაპატიმრობაში იხდიდა.

მანაფორტმა პრეზიდენტ ტრამპს შეწყალებისთვის მადლობა საჯაროდ გადაუხადა.

როჯერ სტოუნი დაკავებული იყო კონგრესის მოტყუებისთვის ვიკილიქსის საქმეზე, როდესაც შეეცადა დაემალა კავშირი საიტთან, რომელმაც მანამდე გამოაქვეყნა დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგის, ჰილარი კლინტონის უკანონოდ მოპოვებული ელ. ფოსტის მიმოწერა.

სტოუნი ტრამპს ვიკილიქსის დამფუძნებლის, ჟულიან ასანჟისა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის, ედვარდ სნოუდენის შეწყალებასაც სთხოვდა.

მისი თქმით, იგი იყო “საბჭოთა სტილის პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო შოუს მსხვერპლი”.

ჩარლზ კუშნერს კი ბრალი გადასახადების დამალვასა და მოწმეების მოსყიდვაში ედებოდა.


ბოლო ხანების განმავლობაში დონალდ ტრამპმა 29 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არიან მისი მრჩევლები და მოკავშირეები. ტრამპმა ასევე შეიწყალა კერძო სამხედრო კომპანიის 4 თანამშრომელი, რომელთაც 2007 წელს ბაღდადში მომხდარი ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობა ედებოდათ ბრალად.

ტრამპმა შეიწყალა თავისი ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკლ ტომას ფლინი, რომელსაც ბრალად ედებოდა ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს მოტყუება და შეცდომაში შეყვანა. New York Times-ის ცნობით, ტრამპი და მისი პირადი ადვოკატი რუდი ჯულიანი განიხილავდნენ პირადად ჯულიანისა და ტრამპის ოჯახის წევრების, მათ შორის, ივანკა, ერიკ და დონალდ ტრამპების, ასევე ჯარედ კუშნერის “წინასწარი შეწყალების” შესაძლებლობას, თუმცა ეს მოგვიანებით უარყო თავად ჯულიანმა.

აშშ-ში წინასწარი შეწყალება შესაძლებელია და ეს წარსულშიც მომხდარა, მაგალითად, ჯერარდ ფორდმა წინასწარ შეიწყალა რიჩარდ ნიქსონი იმ დანაშაულებების გამო, რომელიც მას, შესაძლოა, ჩაედინა ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ პრეზიდენტად ყოფნის დროს.

ტრამპმა ბაღდადის 2007 წლის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე პირები შეიწყალა

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი