ახალი ამბები

ტრამპმა ბაღდადის 2007 წლის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე პირები შეიწყალა

23 დეკემბერი, 2020 • 744
ტრამპმა ბაღდადის 2007 წლის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე პირები შეიწყალა

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც პრეზიდენტის პოსტს მალე გადააბარებს ჯო ბაიდენს, ბაღდათში მომხდარ ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე 4 პირი შეიწყალა.

ინციდენტი 2007 წელს მოხდა. გამოძიების მიხედვით, კერძო სამხედრო კომპანია Blackwater-ის წარმომადგენლებმა უმისამართოდ გაუხსნეს ცეცხლი სამოქალაქო პირებს, რასაც 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 17 პირი დაიჭრა.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, Blackwater-ის თანამშრომლებმა სნაიპერული შაშხანებიდან, ტყვიამფრქვევებიდან და ჭურვმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო პირებს. კომპანიის ადვოკატების თქმით, მათ საპასუხო ცეცხლი დაუბრუნეს თავდამსხმელებს.

ინციდენტში მონაწილე პირები ამერიკის ციხეში იხდიდნენ სასჯელს.

ამერიკულმა სამოქალაქო თავისუფლებების კავშირმა გააკრიტიკა პრეზიდენტ ტრამპის მიერ დანაშაულში მონაწილე პირების შეწყალება. ორგანიზაციის თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება “შეურაცხყოფას აყენებს ერაყელ მსხვერპლთა ხსოვნას და კიდევ უფრო აზიანებს მის [ტრამპის] ადმინისტრაციას”.

როგორც Euronews იუწყება, კერძო სამხედრო კომპანია ერიკ პრინსმა დაარსა, რომელიც ტრამპის მოკავშირე და განათლების მდივნის, ბეტსი დევოსის ძმაა.


2007 წელს მომხდარ ხოცვა-ჟლეტას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილი კერძო სამხედრო კომპანიების დაქირავების წინააღმდეგ გამოვიდა.

ტრამპი ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად სარგებლობს საპრეზიდენტო უფლებით, რომ საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე შეიწყალოს პატიმრები. მის მიერ შეწყალებულ პირთა შორის არიან ტრამპის მხარდამჭერები და ყოფილი სამხედროები, რომლებიც მსჯავრს სამხედრო დანაშაულის გამო იხდიდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი