ახალი ამბები

აბაშიძე-კარასინის ფორმატს თავისი თავი არ ამოუწურავს, მასზე უარის თქმა არ არის სწორი — გახარია

24 დეკემბერი, 2020 • 1178
აბაშიძე-კარასინის ფორმატს თავისი თავი არ ამოუწურავს, მასზე უარის თქმა არ არის სწორი — გახარია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია ამბობს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატის სახელით ცნობილი  რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ფორმატი უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ მან დღეს, 24 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა.

გახარიას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჰკითხა, რა სარგებელი მოაქვს ამ ფორმატს და ხომ არ ამოწურა თავისი თავი, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატს თავისი თავი არ ამოუწურავს.

“სარგებელი მოაქვს თუ არ მოაქვს, ეს ცოტა ისეთი საკითხია, მაგრამ თავისი თავი არ ამოუწურავს იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი ორმხრივი არხი, პირველ რიგში, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად. ეს არხი მხოლოდ ცალმხრივიც რომ იყოს, ამ არხზე უარის თქმა, ვფიქრობ, რომ არ არის სწორი. ამიტომ ეს არხი ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, განსაკუთრებით, ჰუმანიტარული და ეკონომიკური განზომილებით”, — განაცხადა გახარიამ.

საქართველომ რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძე დაინიშნა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან ზურაბ აბაშიძე ევროპის სხვადასხვა ქალაქში შეხვედრებს მართავდა. მთავრობის განცხადებით, ეს ფორმატი ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას ითვალისწინებს.

ხელისუფლების ოპონენტები აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას ითხოვენ. მათ მიაჩნიათ, რომ აღნიშნული შეხვედრები საქართველოსთვის არაფრის მომცემია.

მასალების გადაბეჭდვის წესი