ახალი ამბები

რატომ არ გაიხსნა ბაზრობები? — მინისტრ დავითაშვილის განმარტება

24 დეკემბერი, 2020 • 986
რატომ არ გაიხსნა ბაზრობები? — მინისტრ დავითაშვილის განმარტება

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობას ესმის ბაზრობების ზარალი, თუმცა მიაჩნია, რომ რიგების დაცვა თუ სხვა რეგულაციების შესრულება სავაჭრო ცენტრებში უფრო მეტად არის შესაძლებელი. ამას გარდა, დავითაშვილი ამბობს, რომ თუ დღეს გახსნილი სავაჭრო მოლები მთავრობის მიერ განსაზღვრულ რეგულაციებს არ შეასრულებენ, ამაზე შრომის ინსპექციას მყისიერი რეაგირება ექნება.

“იქ, სადაც მეტად იქნებოდა შესაძლებელი წესრიგისა და სანიტარული ნორმების დაცვა, ასევე, რიგების კონტროლი, სწორედ ეს პასუხისმგებლობა განესაზღვრა მოლებს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ასე ვერ იქნება, რა თქმა უნდა, მყისიერი რეაგირება დავალებული აქვს შრომის ინსპექციას, საკოორდინაციო საბჭოსგან და პრემიერისგან. ბაზრობებთან შედარებით, აქ აღსრულების უფრო მეტი სივრცე არსებობს. გვესმის, რომ ბაზრობები ზიანდებიან და ეს იყო მეორე დახმარების პაკეტის ნაწილი. ჩვენ ბაზრობაზე მომუშავე ადამიანების სოციალურ კომპენსირებას ვითვალისწინებთ, რადგან გვესმის, რომ ამ ადამიანებს ვაზიანებთ, თუმცა ეს გადაწყვეტილება ისევ ეპიდემიოლოგების რჩევებს ეფუძნება”, – განაცხადა დავითაშვილმა.

დააანონსებული გეგმის მიუხედავად, 22 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბაზრობები არ გაიხსნება. ამ ფაქტს დღეს, 24 დეკემბერს, ბიზნესასოციაცია განცხადებით გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება უნდა შეცვალოს და “ლილო მოლისა” და მსგავსი წესით ორგანიზებული სავაჭრო ობიექტები უნდა გაიხსნას.

ასოციაციის ინფორმაციით, “ლილო მოლის” მოვაჭრეებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ 24 დეკემბრიდან იმუშავედნენ, ამიტომ შემოიტანეს საახალწლო პროდუქცია, რომელსაც წლის სხვა მონაკვეთში ვერ გაყიდიან:

“პრაქტიკულად, მთელი ერთი წელი მოუწევთ ლოდინი შესყიდული პროდუქციის ამოსაყიდად, რაც სრულიად ლოგიკურად, ბევრისთვის შეიძლება გაკოტრების ტოლფასიც კი გახდეს.

“საკითხის აქტუალობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, მიზანშეწონილია გადაიხედოს მიღებული გადაწყვეტილება და დაშვებულ იქნას „ლილო მოლისა“ და მსგავსი წესით ორგანიზებული სავაჭრო ობიექტების გახსნა, თუნდაც რამოდენიმე დღით და თუნდაც დამატებითი კონტროლისა და პრევენციის ზომების განხორციელების პირობით“, – აცხადებენ ბიზნესასოციაციაში.

24 დეკემბრიდან მოქალაქეებს სავაჭრო ცენტრებში სიარული შეეძლებათ. თუმცა, გარკვეული რეგულაციების დაცვით – კერძოდ, მაღაზიები იმუშავებენ დილის 07:00 საათიდან, საღამოს 19:00 საათამდე, ფასდაკლებები კი მხოლოდ დღის პირველ ნახევარში იმოქმედებს. მთავრობამ 26 ნოემბერს დაანონსებული გადაწყვეტილება შეცვალა და ბაზრობები არ გახნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი