ახალი ამბები

თანამშრომლები იყვნენ და არა მომხმარებლები – “თბილისი მოლი” დილის საცობზე

24 დეკემბერი, 2020 • 1534
თანამშრომლები იყვნენ და არა მომხმარებლები – “თბილისი მოლი” დილის საცობზე

დღეიდან 2 იანვრის ჩათვლით, სავაჭრო ცენტრებს მთავრობამ დროებით მისცა მუშაობის უფლება, თუმცა, გარკვეული შეზღუდვებით. დილიდან Facebook-ზე ვრცელდებოდა ფოტო და ვიდეო, სადაც “თბილისი მოლის” მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანების საცობი იყო ნაჩვენები. როგორც ვიდეოს ავტორი ამბობს, ვიდეო გადაღებულია 24  დეკემბერს, დილის 8 საათამდე პერიოდში.

სავაჭრო ცენტრის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა ნატა გოგოლაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ დღეს ობიექტთან მომხმარებლების საცობი არ ყოფილა და მოლის თანამშრომლები მიდიოდნენ სამსახურში.

“რიგი იყო იმის გამო, რომ დილის საათებში იხსნებოდა მოლი, თანამშრომლების შემოდინება იყო კონკრეტულად ამ დროს, როცა მოდის დასუფთავება, დაცვა, კონსულტანტები… რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის, შესაბამისად, მანქანის საცობი შეიქმნა.

ესენი იყვნენ ჩვენი თანამშრომლები და არა მომხმარებლები, მომხმარებლის რიგი ჯერჯერობით არ ყოფილა”, – უთხრა ნატა გოგოლაძემ ნეტგაზეთს.

“თბილისი მოლის” მიმდებარედ მანქანების დიდი ნაკადი ან საცობი ვერ დააფიქსირა ნეტგაზეთმა დილის 9 საათისთვის. დროის ამ მონაკვეთში ტერიტორია თავისუფალი იყო.


დღეიდან, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა. თუმცა მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.

24 დეკემბრიდან მოქალაქეებს სავაჭრო ცენტრებში სიარული შეეძლებათ. თუმცა, გარკვეული რეგულაციების დაცვით – კერძოდ, მაღაზიები იმუშავებენ დილის 07:00 საათიდან, საღამოს 19:00 საათამდე, ფასდაკლებები კი მხოლოდ დღის პირველ ნახევარში იმოქმედებს. მთავრობამ 26 ნოემბერს დაანონსებული გადაწყვეტილება შეცვალა და ბაზრობები არ გახნა. 21 დეკემბერს როცა სავაჭრო ცენტრების გახსნაზე ჯერ კიდევ არ იყო საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ მოლები რომც გაიხსნას, “საახალწლო შოპინგის” მოლოდინი ნურავის ექნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი