ახალი ამბები

მოსულში ქურთმა ქალმა სანტას ფორმა ჩაიცვა და ბავშვებს საჩუქრები დაურიგა

24 დეკემბერი, 2020 • 1597
მოსულში ქურთმა ქალმა სანტას ფორმა ჩაიცვა და ბავშვებს საჩუქრები დაურიგა

ერაყის ჩრდილოეთში საბრძოლო მოქმედებებით დაზარალებულ ქალაქ მოსულს სანტა კლაუსი ეწვია. ის 23 წლის ქურთი მუსლიმი, შაიმა ალ-აბბასია, რომელიც ქალაქის ქუჩებში ველოსიპედით გავიდა და ბავშვებს საჩუქრები დაურიგა.

“უბრალო საჩუქრებს ვარიგებ, რათა გავაბედნიერო ბავშვები. მათ მხიარულება სჭირდებათ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ომის მიმდინარეობისას “ისლამური სახელმწიფოს” ქმედებები და კრიზისი რეალურად აისახა მათ ცნობიერებაზე”, – ამბობს აქტივისტი “როიტერთან” საუბრისას.

სააგენტოს ცნობით, 2014 წელს, როცა “ისლამურმა სახელმწიფომ” მოსული დაიკავა, შაიმა ალ-აბბასი, ისევე როგორც მოსულის არაერთი მცხოვრები, იძულებული გახდა, ქალაქი დაეტოვებინა და დევნილთა ბანაკში გადასულიყო. 2017 წელს კოალიციურმა ძალებმა ტერორისტები ქალაქიდან განდევნეს, თუმცა ომის შედეგები ახლაც თვალნათელია.

“ფსიქიკურად ვიტანჯები, როდესაც ნგრევის ამ მასშტაბებს ვხედავ. მაგრამ, ყოველთვის ვცდილობ, გავძლიერდე, რათა შევძლო ამ ბავშვების გაბედნიერება, ვინაიდან როცა ბავშვი ვიყავი, თავადაც გამოვიარე ეს”, – აღნიშნავს შაიმა.

ფოტოები: Abdulla Rashid/Reuters

მასალების გადაბეჭდვის წესი