ახალი ამბები

არ მგონია, რომ პროცესი ჩიხშია, ახლა პოლიტიკური ნება და გამბედაობა გვჭირდება — დეგნანი

23 დეკემბერი, 2020 • 859
არ მგონია, რომ პროცესი ჩიხშია, ახლა პოლიტიკური ნება და გამბედაობა გვჭირდება — დეგნანი

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ამის შესახებ მან “ფორმულასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, ახლა პოლიტიკური ნება და პოლიტიკური გამბედაობაა საჭირო, რათა გამოსავლისკენ ნაბიჯი გადაიდგას.

“არ მგონია, რომ პროცესი ჩიხშია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ 9 პარტია, მიუხედავად სერიოზული განსხვავებებისა, მოლაპარაკების მაგიდასთან ზის და ცდილობს, რომ პროცესმა წინ წაწიოს. რაც ახლა გვჭირდება, ეს არის პოლიტიკური ნება და პოლიტიკური გამბედაობა, რათა გადაიდგას ნაბიჯი გამოსავლისკენ. იმედი მაქვს, მხარეები ამას შეძლებენ და საქართველოს ინტერესებს საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებენ”, — განაცხადა დეგნანმა.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის უცხოელი ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა 4 რაუნდი და დაანონსებულია მეხუთე რაუნდის გამართვაც.

თუმცა, ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო მანდატების შეჩერებაზე განაცხადი შეთანხმების საკითხზე კარის დახურვა იყო. მისი თქმით, შუამავალი დიპლომატები ფიქრობენ, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია და მხარეებმა მეხუთე რაუნდამდე უნდა მიაღწიონ.

ამასთან, ჰარცელის თქმით, შეშფოთებას იწვევს “ქართული ოცნების” ინიცირებული კანონპროექტები პარტიების რეგისტრაციის გაუქმებისა და მათთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ და მხარეები ასეთი მოქმედებებით “უფრო შორდებიან, ვიდრე უახლოვდებიან და ეს ხდება მაშინ, როცა დრო იწურება.

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც საპარლამენტო მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.

კანონპროექტით, პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ინიცირებულ კანონპროექტს არადემოკრატიულად აფასებენ და განიხილავენ როგოროც სადამსჯელო ზომას იმ პარტიების მიმართ, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტში მოხდა იმ კანონპროექტის ინიცირება, რომელმაც შესაძლოა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს მიღმა დატოვოს.

მისი განმარტებით, კანონპროექტი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს არ აკმაყოფილებს.

აღნიშნული ცვლილების მიღებით, “ქართული ოცნება” „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებს მიღმა დატოვებას აპირებს.

როგორც კობახიძე ამბობს, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, პარტიას რეგისტრაცია შემდეგი არჩევნებიდან გაუუქმდება. მისივე თქმით, ეს პარტიის აკრძალვა არაა და “მხოლოდ” რეგისტრაციის გაუქმებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი