პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე “ევროპის სახალხო პარტიის” განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ მათ შეუძლიათ თავის ასოცირებულ წევრ პარტიებს(“ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს”) პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდონ.
“ევროპის სახალხო პარტია” (EPP) “ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს. პარტია მმართველ გუნდს მოუწოდებს, ოპოზიციის უფლებების შეზღუდვის ნაცვლად, ევროკავშირისკენ სვლა განაგრძონ.
საუბარია, “ქართული ოცნების” ინიციატივაზე, რომელიც პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საკითხს შეეხება. როგორც EPP აცხადებს, აღნიშნული ინიციატივა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის [“ნაციონალური მოძრაობის”] წინააღმდეგაა მიმართული.
“ევროპის სახალხო პარტიას შეუძლია, მოუწოდოს თავის ასოცირებულ წევრ პარტიებს საქართველოში, რომ იმოქმედონ დემოკრატიულად, შემოვიდნენ საქართველოს პარლამენტში, როგორც ეს მათ ამომრჩეველმა დაავალა”, —განაცხადა სამხარაძემ.
“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტი, რომელმაც შესაძლოა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს მიღმა დატოვოს.
მისი განმარტებით, კანონპროექტი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს არ აკმაყოფილებს.
აღნიშნული ცვლილების მიღებით, “ქართული ოცნება” „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებს მიღმა დატოვებას აპირებს.
როგორც კობახიძე ამბობს, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, პარტიას რეგისტრაცია შემდეგი არჩევნებიდან გაუუქმდება. მისივე თქმით, ეს პარტიის აკრძალვა არაა და “მხოლოდ” რეგისტრაციის გაუქმებაა.
რა შემთხვევაში გამოცხადდება რიგგარეშე არჩევნები – კობახიძე “ოცნების” პოზიციას ასაჯაროებს