ახალი ამბები

ოპოზიციის უფლებების შეზღუდვის ნაცვლად, გააგრძელეთ სვლა ევროკავშირისკენ – EPP “ოცნებას”

23 დეკემბერი, 2020 • 955
ოპოზიციის უფლებების შეზღუდვის ნაცვლად, გააგრძელეთ სვლა ევროკავშირისკენ – EPP “ოცნებას”

“ევროპის სახალხო პარტია” (EPP) “ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს. ამასთან დაკავშირებით EPP განცხადებას “ტვიტერით” ავრცელებს.

საუბარია “ქართული ოცნების” ინიციატივაზე, რომელიც პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საკითხს შეეხება. როგორც EPP აცხადებს, აღნიშნული ინიციატივა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის [“ნაციონალური მოძრაობის”] წინააღმდეგაა მიმართული.

“ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს მმართველი პარტიის ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, რომელიც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ არის მიმართული, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედი უჭერს მხარს.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს სვლა ევროკავშირის დეკლარირებული ღირებულებებისკენ და ნაცვლად იმისა, რომ შეზღუდოს ოპოზიციის დემოკრატიული უფლება, დაუბრუნდეს კონსტრუქციულ დიალოგს, რომ მოიძებნოს კომპრომისული გადაწყვეტა, რომელიც სარგებელს მოუტანს საქართველოს ყველა მოქალაქეს”, — ნათქვამია EPP-ს განცხადებაში.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტში მოახდინეს იმ კანონპროექტის ინიცირება, რომელმაც შესაძლოა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს მიღმა დატოვოს.

მისი განმარტებით, კანონპროექტი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს არ აკმაყოფილებს.

აღნიშნული ცვლილების მიღებით“ქართული ოცნება” „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებს მიღმა დატოვებას აპირებს.

როგორც კობახიძე ამბობს, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, პარტიას რეგისტრაცია შემდეგი არჩევნებიდან გაუუქმდება. მისივე თქმით, ეს პარტიის აკრძალვა არაა და “მხოლოდ” რეგისტრაციის გაუქმებაა.

პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტი, რომელმაც შესაძლოა, ენმ არჩევნებს მიღმა დატოვოს

მასალების გადაბეჭდვის წესი