ახალი ამბები

BioNTech დარწმუნებულია, რომ მათი ვაქცინა COVID-19-ის ახალ შტამსაც გაუმკლავდება

23 დეკემბერი, 2020 • 610
BioNTech დარწმუნებულია, რომ მათი ვაქცინა COVID-19-ის ახალ შტამსაც გაუმკლავდება

გერმანული კომპანია BioNTech დარწმუნებულია, ამერიკულ Pfizer-თან თანამშრომლობით Covid-19-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინა ბრიტანეთში აღმოჩენილი ვირუსის ახალი ვარიანტის მიმართაც ეფექტიანი იქნება.

ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა უგურ შაჰინმა 21 დეკემბერს განაცხადა. გერმანულ სატელევიზიო არხთან ინტერვიუში მან ასევე თქვა, რომ ვირუსის მუტაციის შესწავლას უახლოეს დღეებში დაიწყებენ. ამასთან, მეცნიერი დასძენს, რომ ვირუსის მუტაცია პანდემიის განვითარების პროცესის ნაწილია.

Reuters წერს, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ახალი სახეობის შესახებ გახდა ცნობილი, ბევრი ქვეყანა დიდ ბრიტანეთთან საზღვარს კეტავს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ახალი შტამის კორონავირუსი უფრო მარტივად გადადის, ვიდრე აქამდე არსებული, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ის უფრო მწვავე დაავადებას ან სიკვდილიანობას იწვევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ბრიფინგზე, რომელიც 21 დეკემბერს გაიმართა,  ჯანმოს ეპიდემიოლოგმა მარია ვან კერჰოვმა განმარტება გააკეთა კორონავირუსის ახალი შტამის 70%-იანი ტრანსმისიურობის შესახებ და თქვა, რომ ხშირად სპეციფიკური ტერმინების  გამო რთულდება ამა თუ იმ სიახლის სწორად გაგება.

მისი განმარტებით, კორონავირუსის ახალი შტამი ისევე გადადის, როგორც კორონავირუსის ძირითადი შტამი – ინფიცირებული ადამიანის აეროზოლის ან/და წვეთების სხვა ადამიანში მოხვედრით.

დღეს მიიჩნევენ, რომ ახალი შტამის კორონავირუსი განუვითარდა პაციენტს დიდ ბრიტანეთში ან შეტანილი იქნა სხვა ქვეყნიდან. ახალი შტამის კორონავირუსი ახლა მთელ დიდ ბრიტანეთში ფიქსირდება, ჩრდილოეთ ირლანდიის გარდა.

ერთი ვერსიის თანახმად, შესაძლოა ახალი შტამი განუვითარდა პაციენტს, რომლის დასუსტებულმა იმუნურმა სისტემამ ვერ შეძლო ვირუსის დაძლევა და პაციენტის ორგანიზმი გახდა ხელსაყრელი გარემო ვირუსის მუტაციისთვის.

კორონავირუსის ახალი შტამი უკვე გამოჩნდა დანიაში, ავსტრალიასა და ნიდერლანდებში. ვარაუდობენ, რომ ამ ქვეყნებში ახალი შტამი დიდი ბრიტანეთიდან შეიტანეს.

ვრცლად ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/319819/?fbclid=IwAR0_tipsn6nuB219fxHJMoCOpj0v8W1ehyIm2l9593VRLdIJR58vI_8UIbY

 

მასალების გადაბეჭდვის წესი