ახალი ამბები

“სექტორი უკვე მკვდარია” – რესტორნები და სასტუმროები შველას ითხოვენ

23 დეკემბერი, 2020 • 1119
“სექტორი უკვე მკვდარია” – რესტორნები და სასტუმროები შველას ითხოვენ

რესტორნებისა და სასტუმროების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა სექტორს სერიოზული პრობლემები შეუქმნა და ის “უკვე მკვდარია”. მათი თქმით, აუცილებელია, ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას პრობლემის მცირედით მაინც შესამსუბუქებლად.

დღეს, 23 დეკემბერს, „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ და სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს.

შოთა ბურჯანაძის განმარტებით, საქართველოში პანდემიის დაწყებამდე 11 000 სარესტორნო ობიექტი არსებობდა, 2021 წლისთვის კი შესაძლოა, მხოლოდ 500-მა მოახერხოს მუშაობის გაგრძელება. ამის მიზეზად კი ბურჯანაძე რესტორენების მეპატრონეების მხრიდან მათზე დაკისრებული ფინანსური ვალდებულებების გადაუხდელობას ასახელებს.

“რესტორნების 80-90% არის იჯარით. თუ მათ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა კიდევ არ ექნებათ, ამ შემთხვევაში მეიჯარე, რომელიც გარკვეულ შეღავათს აძლევს რესტორანს და მუშაობის შეჩერების შემთხვევაში ქირას არ ახდევინებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ამას ვეღარ შეძლებს, მასაც ხომ სჭირდება შემოსავალი? მასაც აქვს გარკვეული ვალდებულებები. ამ შემთხვევაში პრობლემები შეექმნება მეიჯარეს. მეორე მხრივ, თუ რესტორანი იხდის იჯარას და არ აქვს შეღავათი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ოპერირების გარეშე ისიც ვერ შეძლებს დიდხანს ყოფნას.

ამ შემთხვევაში მეიჯარე ვალდებული იქნება, გამოიყვანოს ის [რესტორანი] ფართიდან, სადაც 7-10 წელი არსებობდა და დიდი ფული აქვს ჩადებული. ის [რესტორანი] სხვაგან ვეღარ გადავა იმიტომ, რომ არ აქვს გადახდის საშუალება, აქედან გამომდინარე, სასურსათო მაღაზია, აფთიაქი თუ სხვა შესაძლებლობა, რომელიც დღესდღეობით მოქმედებს, ის შევა იმიტომ, რომ მას, თუნდაც ნახევარ ფასში, ეს შესაძლებლობა მიეცემა. ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ. თუ ეს განვითარდა, ვერც ერთი და ვერც მეორე მხარე ვეღარ შეძლებს შეთანხმებას და არსებული რესტორნები, მიუხედავად იმისა, რომ სურვილი აქვს ოპერირების, უბრალოდ, ვეღარ შეძლებს ამას”, – განმარტა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, რესტორნებს აქვთ შესაძლებლობა, რეგულაციების დაცვით განაახლონ მუშაობა და ამ შესაძლებლობის გამოყენება მათი გადარჩენის ერთადერთი გზაა. როგორც ის ამბობს, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს სურთ, რომ რაც შეიძლება ადრე მიეცეთ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, საუკეთესო შემთხვევაში კი ბურჯანაძე 15 იანვარს ასახელებს. მისი განმარტებით, სწორედ ამ პერიოდიდან იწყებენ ადამიანები ახალი წლის შემდეგ რესტორნებში სიარულს.

ბურჯანაძის განცხადებით, სარესტორნო ბიზნესის წლიური ბრუნვა 3.5 მილიარდი დოლარი იყო და ამ სფეროში 300 000 ადამიანი იყო დასაქმებული. მისი თქმით, ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა, ან დატოვებას გეგმავს, რაც ამ სფეროში დასაქმებული პროფესიონალების ნაკლებობას გამოიწვევს.

“სექტორი არის შიმშილის პირას. თუ დროულად არ იქნა გადარჩენის და მიხმარების შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში მერე უკვე რაღაც ღონისძიებები ან ლეტალურად დამთავრდება, ან ისე მძიმედ დამთავრდება, რომ ამას მნიშვნელობა აღარ ექნება”, – განმარტა ბურჯანაძემ.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის, შალვა ალავერდაშვილის განმარტებით კი, სასტუმროებს გუშინდელ დღემდე [22 დეკემბერი] არ ჰქონდათ გახსნის მოლოდინი. მისი განმარტებით, საქართველოს მასშტაბით 10-მდე სასტუმროც კი არ არის, რომელიც ახალი წელთან დაკავშირებით სპეციალური ღონისძიების გამართვას გეგმავდა.

“მოლოდინის გაჩენამ წინა პერიოდში ბევრჯერ დაგვაზარალა იმიტომ, რომ მოლოდინი გქვონდა, უნდა გავხსნილიყავით, ან გახსნილი ვიყავით, პროდუქტი იყო შეძენილი, პერსონალი აყვანილი და უცბად ორ დღეში დაგვხურეს. ამან ადრე ჩვენ უკვე დაგვაზარალა, შესაბამისად, ახლა, ამ პირობებში არავის არ ჰქონია მოლოდინი და მზადება”, – განმარტა ალავერდაშვილმა.

მისი თქმით, სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესი პანდემიის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა და ეს სექტორი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ალავერდაშვილის განმარტებით, 2020 წელს ამ სექტორში, საერთო ჯამში, 2.5 მილიარდი დოლარით ნაკლები შემოვიდა.

“სექტორი აღარ არსებობს, დახურულია თითქმის ყველაფერი, თითზე ჩამოსათვლელი ოდენობის სასტუმროები მუშაობს ქვეყანაში. ამ ეტაპზე ამ მომუშავე სასტუმროებსაც უთხრეს [მთავრობამ], რომ ახალი წელი არ გააკეთოო და უბრალოდ ამ ახალი წლის პერიოდში კლიენტურა მოაკლდებათ, თორემ რეალურად, სექტორი უკვე მკვდარია”, – განმარტა ალავერდაშვილმა.

მისი თქმით, სექტორის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ აპრილის ბოლო დღეებიდან სიტუაცია ოდნავ უკეთესობისკენ შეიცვლება, თუმცა ამის წინაპირობები ამ ეტაპზე არ არსებობს.

ალავერდაშვილის განმარტებით, ხელისფულების მხრიდან სწორი ნაბიჯი იქნებოდა, თუ სახელმწიფო დაზარალებულ სექტორში მომუშავე კომპანიებს დაეხმარებოდა, კომპანიები კი ამით თავის დასაქმებულების შენარჩუნებას და დახმარებას შეძლებდნენ.

ალავერდაშვილის თქმით, საკუთარი შეხედულებების შესახებ სექტორის წარმომადგენლებს მთავრობასთან კომუნიკაცია აქვთ. გარკვეულ შემთხვევებში ხელისუფლების წარმომადგენლები მათ პოზიციებს ითვალისწინებენ, გარკვეულ შემთხვევებში კი – არა.

რომელი შეზღუდვები იხსნება 24 დეკემბერს და რომელი რჩება ძალაში

მასალების გადაბეჭდვის წესი