ახალი ამბები

ბაზრობებზე დასაქმებულები მუშაობის განახლების უფლებას ითხოვენ

23 დეკემბერი, 2020 • 1498
ბაზრობებზე დასაქმებულები მუშაობის განახლების უფლებას ითხოვენ

თბილისში, სხვადასხვა ბაზრობაზე დასაქმებული მოვაჭრეები ახალი წლის დღეებში შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად მუშაობის უფლებას აღდგენას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მოვაჭრეები დღეს თბილისში, სავაჭრო ცენტრ “კიდობანთან” და “ლილოს” ბაზრობასთან შეიკრიბნენ.

მოვაჭრეებმა “მთავარ არხთან” განმარტეს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება არაკანონიერად მიაჩნიათ, რადგან ახალი წლის დღეებში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მხოლოდ მოლებს მიეცათ:

“მიგვაჩნია, რომ არაკანონიერი გადაწყვეტილებაა მხოლოდ მოლების გახსნა. მოლები უფრო ვირუსის გამავრცელებელი ადგილია, დახურული სივრცეა… ჩვენ ვართ კანონმორჩილი მოსახლეობა და ნამდვილად ვეთანხმებით ყველა კანონიერ გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს ნამდვილად უსამართლობაა”, – განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

ასევე, ერთ-ერთმა მოვაჭრემ “მთავარ არხთან” განაცხადა, რომ წინასწარ შეიძინა ის საქონელი, რომლის გაყიდვასაც სწორედ საახალწლო დღეებში გეგმავდა და მისთვის მოულოდნელი იყო მთავრობის გადაწყვეტილება ბაზრობების დაკეტვასთან დაკავშირებით:

“ეთქვათ ერთი კვირით ადრე, რომელ ადგილებს ხსნიდნენ და საამისოდაც მოვემზადებოდი და იმ ფულს, რომელიც მე საქონელში ჩავდე და ახლა ჩვენს ბალანსზე იმყოფება, ამ ფულს საკვებად გამოვიყენებდი”, – განმარტა მოვაჭრემ.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ გახსნის შემთხვევაში, ყველა რეგულაციას დაიცავენ, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის იქნება საჭირო.

ახალი წლის პერიოდში, ორი დღით – 26 და 27 დეკემბერს, მუშაობის აღდგენის უფლებას ითხოვს “ლილო მოლის” ადმინისტრაციაც. ამის შესახებ კომპანიამ განცხადება დღეს, 23 დეკემბერს გაავრცელა.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ წერტილოვანი შეზღუდვების გამოცხადების შემდეგ მათი საქმიანობა სრულად გადაეწყო მთავრობის მიერ გამოცხადებული გეგმით გათვალისწინებულ ვადებზე, კერძოდ, მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ მოვაჭრეები მუშაობას 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით განაახლებდნენ.

“ჩვენმა მეწარმეებმა განახორციელეს ასობით მილიონი ლარის ზამთრის სეზონის საქონლისა და საახალწლო პროდუქციის იმპორტი. მიუხედავად იმისა, რომ წინასაახალწლო ერთი კვირა არ იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ბიზნესს მიეღო ამ პერიოდისათვის ჩვეული მოგება, ეს იქნებოდა იმ აუცილებელი ჟანგბადის მიწოდება ყოველი კონკრეტული მეწარმისათვის, რაც მომავალი წლის პირველი ურთულესი თვეების განმავლობაში მისცემდა სრული განადგურებისგან დაცვისა და გადარჩენის საშუალებას”, – წერია განცხადებაში.

“ლილო მოლი” მიიჩნევს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია ამ სექტორში დასაქმებულ მეწარმეთა მიმართ. ასევე, განცხადებაში განმარტებულია, რომ ამ გადაწყვეტილებით, შესაძლოა მეწარმეებმა სამომავლოდ საქმიანობის გაგრძელება ვეღარ შეძლონ.

“ლილო მოლმა” საკოორდინაციო საბჭოს მიმართა თხოვნით, რომ უახლოეს შაბათ-კვირას, 26 და 27 დეკემბერს, ყველა რეგულაციის დაცვით, მუშაობის უფლება მიეცეთ. კომპანია აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება მეწარმეებს მისცემს საშუალებას, “თუნდაც მინიმალური ოდენობით” გაყიდონ საკუთარი პროდუქცია.

“იმედს ვიტოვებთ, რომ იანვარში დაგეგმილი შეზღუდვების მოხსნის დროსაც არ მოხდება მსგავსი დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღება ბიზნესის ამ სექტორის მეწარმეთა ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილის მიმართ”, – წერია განცხადებაში.

რომელი შეზღუდვები იხსნება 24 დეკემბერს და რომელი რჩება ძალაში

მასალების გადაბეჭდვის წესი