ახალი ამბები

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, მოლდოვის მთავრობა გადადგა

23 დეკემბერი, 2020 • 726
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, მოლდოვის მთავრობა გადადგა

მოლდოვის მთავრობა გადადგა. ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა იონ კიკუმ განაცხადა. მისი თქმით, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება 23 დეკემბერს მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის პრეზიდენტ იგორ დოდონთან და პარლამენტის თავმჯდომარე ზინაიდა გრეჩეანიას შეხვდა. თავად დოდონი საპრეზიდენტო არჩევნებში წაგების გამო პოსტს ოფიციალურად ხვალ დატოვებს.

კიკუს თქმით, მთვარობის გადადგომის მიზანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.

“ეს [არჩევნები] არის მიზანი, რომელიც ჩვენ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ იმისათვის, რომ  ქვეყანა ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს”, — განაცხადა კიკუმ.

23 დეკემბერს მოლდოვის პარლამენტს უნდა განეხილა მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით დეკემბრის დასაწყისში მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში,  საპროტესტო აქციებზე 20 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც  მოლდოვის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოს კონტროლი პრეზიდენტიდან პარლამენტზე გადადის.

კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პრორუსი კანდიდატი იგორ დოდონი პროევროპელმა მაია სანდუმ დაამარცხა, რომლის ინაუგურაცია ხვალ, 24 დეკემბერს, უნდა გაიმართოს. აღნიშნული კანონის მიღება პარლამენტის გაძლიერებად აღიქმება, სადაც უმრავლესობას ფლობს დოდონთან დაკავშირებული პრორუსული სოციალისტების პარტია.

მოლდოვა საპალარლამენტო რესპუბლიკაა, შესაბამისად, პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულია. იმისათვის, რომ ახალმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ რეფორმების გატარება და ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოება შეძლოს, მას პარლამენტის მხარდაჭერა დასჭირდება.

მოლდოვის 101-კაციან პარლამენტში შედის პრორუსული “სოციალისტურ პარტია”, პროევროპული ბლოკი AСUM ( რომელიც “მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის (PAS)” და “ღირსებისა და სიმართლის პარტიის (DA) გაერთიანებას წარმოადგენს),  გავლენიანი ბიზნესმენის, ვლადიმირ პლაჰოტნიუკის “დემოკრატიული პარტია” და  პარტია Sor . ამჟამად სამთავრობო კოალიცია დოდონის “სოციალისტურ პარტიასა” და “დემოკრატიულ პარტიას” აქვთ.

რატომაა მოლდოვაში პროევროპელი კანდიდატის გამარჯვება საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი

მასალების გადაბეჭდვის წესი